„გრიფის მოხსნა წინ გადადგმული ნაბიჯია სამართლიანობის დადგენისკენ“
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე გრიფის მოხსნას “თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი ეხმაურება. პეტრიაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურა იძულებული გახდა, მათი მოთხოვნა გაეთვალისწინებინა და დოკუმენტების უმრავლესობისთვის გრიფი “საიდუმლო” მოეხსნა.
“ირაკლი ალასანიას, “თავისუფალი დემოკრატების”, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო თანადგომის ერთობლივი ძალისხმევა წარმატებით დასრულდა და პროკურატურა იძულებული გახდა, ეს მოთხოვნა გაეთვალისწინებინა. დღეს უკვე დოკუმენტების აბსოლუტურ უმრავლესობას გრიფი მოხსნილი აქვს, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია სამართლიანობის დადგენისკენ. დარწმუნებული ვარ, ადვოკატები შეისწავლიან საქმეს და დაიცავენ ღისრეულად მათ დაცვის ქვეშ მყოფებს, მათ უდანაშაულობას დაამტკიცებენ სასამართლოზე. ამას აუცილებლად შემდგომში მოყვება პასუხიმგებლობის საკითხი იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც მოტივაციის გარეშე დააკავეს უდანაშაულო ადამიანები. ისინი აგებენ პასუხს”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობების პირების საქმეზე გრიფი “საიდუმლო” არ მოეხსნა მასალების მხოლოდ იმ ნაწილს, რომლებიც შეიცავს ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საიდუმლო ინფორმაციას.