სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან, ლაიმა ჯურევიჩიენესთან შეხვედრა გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარიანა მორგოშია ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხრეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა დეტალურად ისაუბრეს იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც გამოიკვეთა 2015 წელს სამინისტროს მიერ განსახორციელებულ საქმიანობაში.
ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ლაიმა ჯურევიჩიენეს თქმით, 2015 წლისთვის საერთაშორისო პროექტების დაგეგმვის დროს, ისინი მაქსიმალურად გაითვალისწინებენ სამინისტროს მიერ დასახულ პრიორიტეტებს, რაც უდავოდ გაზრდის ერთობლივი პროექტების განხორციელებით მიღებულ შედეგს.
„კოოპერატივების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. გასულ წელს ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომელიც აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. უკვე გვაქვს პოზიტიური შედეგები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ლიტვის გამოცდილების გაზიარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის თვალსაზრისით“, – განაცხადა იური ნოზაძემ.
მან ასევე ისაუბრა ახლად შექმნილ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრზე და ამ მიმართულებით ლიტველ ექსპერტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩვენი ევროპელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვის კუთხით. დარწმუნებულები ვართ, რომ ლიტველი ექსპერტების ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების ეტაპობრივ შესრულებას“, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები