“თავისუფალი დემოკრატები“: ე.წ. ხელშეკრულება საქართველოს ხელისუფლებისგან რეაგირებას მოითხოვს

რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ე.წ. “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების” გაფორმებას “თავისუფალი დემოკრატები გმობენ.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ ნაბიჯს წარმოადგენს და ის მიმართულია აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსიისკენ.
მათივე განცხადებით, ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს დაუყოვნებელ რეაგირებას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იმ გეგმის მიხედვით, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იქნა შემუშავებული საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
“აღნიშნული ე.წ. ხელშეკრულება არის გზავნილი საქართველოს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და, საქართველოს ტერიტორიების მიტაცებასთან ერთად, მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტერგაციის პროცესების ხელის შეშლას, აგრეთვე, მცდელობას, არ დაუშვას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან ურთიერთობების აღდგენა.
ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს დაუყოვნებელ რეაგირებას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იმ გეგმის მიხედვით, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იქნა შემუშავებული საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. კერძოდ:
1. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებაზე ოფიციალური რეაგირება უმაღლეს დონეზე. მიგვაჩნია, რომ ასეთ ვითარებაში მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საკმარისი ნამდვილად არ არის;
2. აუცილებელია დაუყოვნებლივ განხორციელდეს პირდაპირი კონტაქტები საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების (პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი) პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებთან და მთავრობის ხელმძღვანელებთან;
3. საერთაშორისო ორგანიზაციებში (გაერო, ეუთო, ევროკავშირი) დაუყოვნებლივ იქნას მოთხოვნილი საგანგებო სხდომების მოწვევა. მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ საკითხის დაყენება გაერო-ს უშიშროების საბჭოზე, ეუთო-ს გაძლიერებული მუდმივი საბჭოს და დეკემბრის მინისტერიალზე;
4. დაუყოვნებლივ დაიწყოს კონსულტაციები ევროკავშირთან, სამხრეთ კავკასიაში მის სპეციალურ წამომადგენელთან და ჟენევის პროცესის ყველა სხვა თანათვამჯდომარესთან პლენარული ან საგანგებო სხდომის მოწვევის მოთხოვნით;
5. მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, კერძოდ, ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს, შესაბამისი შეფასება მისცენ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას;
6. საქართველოს პარლამენტმა გააქტიუროს ქმედებები პარტნიორი ქვეყნების საპარლამენტო ჯგუფებთან, რათა მოხდეს ამ ფაქტის ადექვატური შეფასება შესაბამისი რეზოლუციების მიღების ჩათვლით;
7. საქართველოს ხელისუფლებამ გააქტიუროს საქმიანობა საერთაშორისო მედიასთან საერთაშორისო აზრის ფორმირების მიზნით;
8. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყოს მზადება რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივ ფორმატში პოლიტიკური ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით გადასადგმელი ნაბიჯებისა და შესაძლო განვითარებებზე რეაგირებისთვის“,- აღნიშნულია “თვისუფალი დემოკრატების“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები