ტექნიკური წვდომა, როგორც ეს ყველა სხვა ქვეყანაშია, შსს-ს კერძო პროვაიდერთან უნდა ჰქონდეს – ლევან იზორია

ტექნიკური წვდომა, როგორც ეს ყველა სხვა ქვეყანაშია, შსს-ს კერძო პროვაიდერთან უნდა ჰქონდეს, – აღნიშნული განცხადებით შს მინისრტის მოადგილე ლევან იზორია მოსმენების ე.წ. გასაღების საკითხს გამოეხმაურა.
„ჩვენი პრინციპული პოზიციაა, ეს არაერთგზის ითქვა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ტექნიკური წვდომა, როგორც ეს ყველა სხვა ქვეყანაშია, შსს-ს კერძო პროვაიდერთან უნდა ჰქონდეს. ყველა სხვა ინიციატივა, რომელიც არასამთავრობო სექტორისა თუ სხვა პოლიტიკური სუბიექტებისგან იყო, ემსახურება იმას, რომ ეს მიბმა შსს-ს გარეთ იყოს – ერთ შემთხვევაში სასამართლოსთან, გაჩნდა იდეა მარეგულირებელ კომისიასთან, ეს ყოვლად დაუშვებელია“, – განაცხადა იზორიამ.
მისივე თქმით, ყველგან ასეა, რომ ასეთი სტრუქტურა, რომელსაც პროვაიდერთან ტექნიკური მიბმა ექნება, აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძოდ სამართალდამცველი სტრუქტურების უშიშროების სამსახურის ფარგლებშია.
„შესაბამისად, ამ სისტემის გარეთ გატანა საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. უფრო მეტიც, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასაც, იმიტომ, რომ ამ უსაფრთხოებაზე ძირითადი პასუხისმგებელი ორგანო ქვეყნის ფარგლებში გახლავთ შსს. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგას ისეთი მექანიზმის შექმნის აუცილებლობა, რომელიც მოსმენების თემას გააკონტროლებს, ანუ ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი, რომელიც გაზრდის სისტემის სანდოობის ხარისხს. შესაბამისად, წარმოდგენილ იქნა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ასეთი გარემექანიზმის შექმნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან“, – განაცხადა იზორიამ და დასძინა, რომ ეს შეესაბამება ასოცირების დღის წესრიგის მოთხოვნებსაც, სადაც საუბარია იმაზე, რომ აღნიშნული ინსპექტორის როლი უნდა გაძლიერდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები