ტელეკომუნიკაციების სფეროს განვითარების კუთხით საქართველოს საერთაშორისო რეიტინგი გაუმჯობესდა
საქართველოს საერთაშორისო რეიტინგი ტელეკომუნიკაციების სფეროს განვითარების კუთხით რამდენიმე პუნქტით გაუმჯობესდა, – აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე- პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, სასტუმრო “რედისონში” მიმდინარე მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ინდიკატორების რიგით მე-12 სიმპოზიუმის ფარგლებში, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის გენერალურმა მდივანმა განაცხადა.
“მან თქვა, რომ დღეს გამოცხადდება ახალი რეიტინგები, რომლებიც გასული წლის მონაცემებით შედგა და წინასწარ დააანონსა, რომ საქართველოს პოზიცია რამდენიმე საფეხურით გაუმჯობესდა. ამის კონკრეტიზაციას ალბათ დღეს, შუადღეს, მას შემდეგ გავიგებთ, რაც საინფორმაციო პაკეტი გაიხსნება. თუმცა, ანონსი უკვე გაკეთდა, რომ საქართველომ რამდენიმე პოზიციით გაიუმჯობესა საერთაშორისო რეიტინგი ტელეკომუნიკაციების სფეროში განვითარების მიხედვით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ვიცე – პრემიერის თქმით, ეს უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სისტემების განვითარება დიდ როლს თამაშობს სხვა სფეროების განვითარებისთვის და ამას დიდი ყურადღება ექცევა ბიზნესის კეთების რეიტინგშიც.