გერმანელმა ელექტრიკოსმა რუსეთთან შესაძლო ბირთვული ომის გამო იარაღით სავსე ბუნკერი შექმნა
გერმანიის ქალაქ კელჰაიმის (ბავარია) პოლიციამ 59 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც თავისი სახლის სარდაფში იარაღის სავსე ბუნკერის შექმნა ედება ბრალად. დაკავებული ელექტრიკოსის თქმით, იარაღით სავსე თავშესაფარი რუსეთთან ბირთვული ომის საშიშროების გამო მოაწყო.
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა ბუნკერში 2 ავტომატი, 80 შაშხანა, 60 პისტოლეტი, 20 ათასი ტყვია და ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობებისთვის გამიზნული 40 კილოგრამი მასალა აღმოაჩინეს. გარდა ამისა, თავშესაფარი საკვების მარაგით, ვენტილაციისა და წყლის გასაწმენდი სისტემებითაც იყო აღჭურვილი.
საინტერესოა, რომ პოლიციელებს სამი დღე დასჭირდათ, რათა ბუნკერში შეეღწიათ. ამისთვის მათ კედლები დაანგრიეს. მამაკაცს იარაღის უკანონოდ შენახვისთვის 5 წლით პატიმრობა ემუქრება.