ჯო ბაიდენი თურქეთს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვისკენ მოუწოდებს

  აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თურქეთის ხელისუფლებას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში უფრო აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთი მზადაა ჯიჰადისტებთან ბრძოლაში მხოლოდ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის პოსტიდან გადაყენების შემთხვევაში ჩაერთოს. გარდა ამისა, ოფიციალური ანკარა სირიის საჰაერო სივრცის დახურვის წინადადებით გამოდის. ვაშინგტონი კი ამ იდეის წინააღმდეგია. სწორედ ამ საკითხებს განიხილავენ შეხვედრების დროს თურქული და ამერიკული მხარეები.
ცნობილია, რომ ჯო ბაიდენი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ერდოღანს და ბაიდენს ადრე საჯაროდ კამათი მოუვიდათ. ოქტომბერში ბაიდენმა განაცხადა, რომ სირიის სამოქალაქო ომის დასაწყისში თურქეთი ისლამისტებისთვის საზღვრის გადაკვეთის უფლების მიცემით უნებლიედ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ განვითარებას უწყობდა ხელს და, ბაიდენის მტკიცებით, თავად ერდოღანიც ამას აღიარებდა. ამ განცხადებებმა თურქეთის პრეზიდენტის გაბრაზება გამოიწვია. ბაიდენის ნათქვამზე საპასუხოდ ერდოღანმა აღნიშნა, რომ მათი ურთიერთობები წარსულში დარჩა.
ამ კამათის შემდეგ ვიცე-პრეზიდენტის გარემოცვაში აცხადებდნენ, ბაიდენმა ბოდიში მოიხადა, თუმცა თავად ვიცე-პრეზიდენტი უარყოფს ამას და აცხადებს, რომ მან უბრალოდ ახსნა, თუ რას გულიხმობდა სინამდვილეში.
თურქეთში ვიზიტის დროს, ჯო ბაიდენი უკვე შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ახმეთ დავითოღლუს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, იმის მიუხედავად, რომ 2 ქვეყნის ურთიერთობებში დაძაბულობა კვლავ შეინიშნება, ჯო ბაიდენს თურქეთში საკმაოდ კარგად შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები