უკრაინის შს მინისტრმა ძალოვანებს საბრძოლო იარაღის გამოყენების უფლება მისცა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტალი ზახარჩენკომ ძალოვანებისთვის საბრძოლო იარაღის გაცემის ბრძანებას ხელი მოაწერა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც ზახარჩენკოს განცხადებაშია აღნიშნული, ძალოვანები იარაღს გამოიყენებენ, რათა მოქალაქეები თავდასხმებისგან დაიცვან და ტყვეები გაათავისუფლონ. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საბრძოლო იარაღს ძალოვანები დაცულ ობიექტებზე, საცხოვრებელ სახლებზე, სახელმწიფო და საზოგადოებრივი შენობების თავდასხმებისგან დასაცავად და ძალოვანთა დაკავების მცდელობის შემთხვევაში გამოიყენებენ. “მილიცია ეს აღმასრულებელი ხელისუფლების შეიარაღებული ორგანოა და კანონი გვაძლევს ძალის, სპეცსაშუალებებისა და იარაღის გამოყენების ნებას”, – ნათქვამია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაში. ამ დროისთვის ევრომაიდანზე შედარებით მშვიდი ვითარებაა. გავრცელებული ინფორმაციით, ევრომაიდნის აქტივისტებმა ტერიტორიის დასუფთავება დაიწყეს.