„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

პარტიის ინფორმაციით, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს. ინტერპელაციის წესით დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ პირებთან დაკავშირებული საკითხი განიხილება.

„უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზეც იმსჯელეს.
უმრავლესობის წევრების გადაწყვეტილებით, დაგეგმილია ცვლილება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში, რომლის მიხედვითაც, დაემატება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. აღნიშნულ პოზიციას დაიკავებს მამუკა მდინარაძე, რომელსაც ასევე ვიცე-პრემიერის მოვალეობა დაეკისრება.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული ცვლილება მიმდინარე კვირაში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე და მესამე მოსმენით დამტკიცდება.

ასევე, უმრავლესობის სხდომაზე გადაწყდა, რომ პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს.

ამასთან, უმრავლესობის წევრებმა, მიმდინარე პოლიტიკური და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს“, – ნათქვამია პარტიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები