ესტონეთში პრეზიდენტი რუსეთთან დიალოგის შესახებ მისი განცხადებების გამო გააკრიტიკეს
ესტონეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ლაური ლეანემეტსმა ქვეყნის პრეზიდენტი, ალარ კარიში რუსეთთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ გაკეთებული განცხადებებისთვის გააკრიტიკა.
„პრეზიდენტ კარიშის ბოლო განცხადება იმის შესახებ, რომ ესტონეთი და ევროპა რუსეთთან დიალოგისთვის მზად უნდა იყვნენ, გასაკვირია. ბევრი ესტონელის მსგავსად, მე არ მესმის პრეზიდენტის პროგრამა, მისი საერთო გეგმა“, – აღნიშნა ლეანემეტსმა.
მისი თქმით, ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებები ეწინააღმდეგება როგორც ესტონეთის, ასევე ევროპის ამჟამინდელ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.
ლეანემეტსი მიიჩნევს, რომ პარლამენტი და ესტონელი ხალხი პრეზიდენტისგან პასუხებს და უფრო ფართო განმარტებას მოითხოვს.
„რუსეთს იმედი ჰქონდა, რომ დასავლეთი საბოლოოდ დაიღლებოდა და გატყდებოდა. ევროპამ ეს იცის; ჩვენ ერთიანები ვრჩებით და ვცდილობთ რუსეთის დაშლას. კარიშის განცხადება მოლაპარაკებებისთვის მზადების შესახებ ეწინააღმდეგება ჩვენს ძალისხმევას. რუსეთი ამას დასავლეთის ერთიანობის განხეთქილების ნიშნად აღიქვამს და ასკვნის, რომ სამხედრო საშუალებებით საბოლოოდ შეუძლია სასურველის მიღწევა. მე არ მესმის პრეზიდენტ კარიშის ლოგიკა იმის შესახებ, თუ სად უნდა მიგვიყვანოს ამან“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
ის ასევე მიიჩნევს, რომ ამჟამად ესტონეთის მთავრობაში არ არის არც ერთი ადამიანი, რომელიც საგარეო პოლიტიკის საკითხებში ავტორიტეტული იქნებოდა.
„თუ ალარ კარისის მეორე ვადით ხელახალი არჩევა პუტინთან დიალოგსა და რუსეთზე ზეწოლას შორის არჩევამდე მიგვიყვანს, ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რას გადაწყვეტს რიიგიკოგუ ან საარჩევნო კოლეგია“, – დასძინა მან.