ირაკლი კირცხალია: არც ჰერჩინსკისთან და არც სხვებთან ჩვენ პირადული არაფერი გვაქვს, ისინი არიან გამხმოვანებლები იმ დავალებების და იმ მესიჯბოქსების, რომლებსაც იღებენ – მწარდებიან, რომ მათი სახე დაინახა საზოგადოებამ, რეალურად ვინ არიან
არც ჰერჩინსკისთან და არც სხვებთან ჩვენ პირადული არაფერი გვაქვს, ისინი არიან გამხმოვანებლები იმ დავალებების და იმ მესიჯბოქსების, რომლებსაც იღებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, მსგავსი განცხადებები, როგორიც პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა, შეურაცხმყოფელია, თუმცა ეს ჩვენი საზოგადოებისთვის ახალი არ არის.
„სამწუხაროდ, ასეთი თავხედური და შეურაცხმყოფელი რიტორიკა არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ერთგვარად შეაჩვია ქართული საზოგადოება ამ უტიფრობას და სითავხედეს ევროკავშირის ელჩი იქნება, თუ სხვადასხვა დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, მე ყველა ქვეყანას არ ვგულისხმობ და საზოგადოებას დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება, თუ რომელ ქვეყნებზე და რომელ სახელსა და გვარებზე მაქვს საუბარი.
რა უნდა გვიკვირდეს ადამიანისგან – საზოგადოებას გავახსენებ, რა განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ სულ რამდენიმე საათში. როგორი აბსურდის თეატრი შესთავაზა საზოგადოებას და ცრუ აღქმებზე დაფუძნებული რეალობა.
ასევე, არ დაგვავიწყდეს, ისინი პირდაპირ იყვნენ ჩართულები წინასაარჩევნო პროცესებში, როგორც საპარლამენტო არჩევნების, ასევე ადგილობრივი არჩევნებისას. პირდაპირ მოუწოდებდნენ, რომელი პოლიტიკური პარტიისთვის დაეჭირათ მხარი და არაერთხელ გვითქვამს, ისინი არიან პარტაქტივის წევრები.
როცა ასეთი ბექგრაუნდი აქვს განცხადებებსა და ქმედებებში ბატონ ჰერჩინსკის, რა გასაკვირია, როცა დღეს მან იგივე რიტორიკა დააბრუნა. ისინი გასცდნენ ყველანაირ მორალურ ჩარჩოებს თავის მასპინძელ ქვეყანაში. ასე რომ, ყველაზე მთავარი, მათ კარგად უნდა შეიგნონ და იციან ეს, რაც აღიზიანებთ, ამაზე მწარდებიან, რომ მათი სახე დაინახა საზოგადოებამ, რეალურად ვინ არიან, რა ძალას წარმოადგენენ, საითკენ უქადიან, ჩვენს ქვეყანას წავიდეს და წაიყვანოს კურსი, პირდაპირ ომში ჩართვაა ეს კურსი. საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გააკეთა არჩევანი საპარლამენტო თუ ადგილობრივი არჩევნების დროს. ამას ვერ ინელებენ. გამოდიან და უტიფარ დავალებას უტიფრად ასრულებენ.
არც ჰერჩინსკისთან და არც სხვებთან ჩვენ პირადული არაფერი გვაქვს, ისინი არიან გამხმოვანებლები იმ დავალებების და იმ მესიჯბოქსების, რომლებსაც იღებენ. გამტარები და და გამხმოვანებლები ასევე მესიჯბოქსების და დავალების მიმცემები იმ აგენტურული ქსელებისთვის, რომელიც დღეს მოქმედებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით ქვეყანაში“, – განაცხადა კირცხალიამ.
ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა გაიმართა.