„უკრაინის ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას, რომ მას ჩვარივით ფეხები შეაწმინდონ“
რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი უკრაინის მოვლენებს ეხმიანება. მედვედევის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ არავის არ უნდა მისცეს მასზე ფეხების შეწმენდის უფლება. რუსეთის პრემიერის განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას ხალხი და სამართალდამცავი ორგანოს თითოეული წარმომადგენელი. „ხელისუფლება უნდა იყოს კონცენტრირებული, რომ დაიცვას ხალხი და სამართალდამცავი ორგანოს თითოეული წარმომადგენელი, რომლებიც სახელმწიფო ინტერესების და ხალხის სადარაჯოზე დგანან. იმისათვის, რომ რუსეთმა უკრაინელი პარტნიორების მიმართ ვალდებულებები შეასრულოს, უკრაინის ხელისუფლება ლეგიტიმური და ეფექტური უნდა იყოს, რომ მასზე, როგორც ჩვარზე, ფეხებს არ იწმენდნენ“,- განაცხადა დიმიტრი მედვედევმა. რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელმა უკრაინის საქმეებში ჩარევისთვის დასავლეთის ქვეყნების მთავრობები გააკრიტიკა. მისი თქმით, უცხო ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების მაიდანზე მისვლა და სიტყვით გამოსვლა სხვა არაფერია, თუ არა უკრაინის საქმეებში უხეში და თავხედური ჩარევა.