ლონდონში 11 დემონსტრანტი დააკავეს
ლონდონში მრავალათასიანი სტუდენტური მარშის 11 მონაწილე დააკავეს. დემონსტრანტები განათლებაზე გათვალისწინებული ბიუჯეტის შემცირებას, უნივერსიტეტებში ფასიან სწავლას აპროტესტებდნენ. „ბი-ბი-სის“ ცნობით, 2 დემონსტრანტი პოლიციელებზე თავდასხმის გამოა დაკავებული.
გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო მარშს სტუდენტების ეროვნულმა კავშირმა მხარი არ დაუჭირა, თუმცა დემონსტრაცია სხვა ორგანიზაციებმა დადებითად შეაფასეს.
წყნარი დემონსტრაცია პარლამენტის მოედანზე მიტინგით დასრულდა. ლონდონის სხვადასხვა რაიონში კი პოლიციასთან შეტაკებები მოხდა. 3-მა პოლიციელმა მსუბუქი ტრავმები მიიღო.
აქციის ორგანიზატორის აარონ კილის განცხადებით, მარში „აქციების ტალღის“ დასაწყისი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტები მიტინგების შეწყვეტას მომდევნო არჩევნებამდე არ აპირებენ.