“სილქნეტი”: ე.წ. გასაღების ფლობის თაობაზე მომზადებული კანონპროექტი ბუნდოვანია

მასშტაბური ინფორმაციის დაცვას ძალიან დიდი ფინანსური, ტექნიკური და მატერიალური რესურსი სჭირდება, რის მობილიზებასაც კომპანია მოკლე ვადებში ვერ მოახერხებს, – ასე ეხმაურება “კვირასთან“ კომპანია “სილქნეტის “ ინფორმაციული მართვის დირექტორი გიორგი ზღულაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ერთი გასაღები სასამართლოს, მეორე კი მობილურ ოპერატორებს უნდა ჰქონდეთ.
მისი თქმით, “სილქნეტი“ მზად არის, კანონით განსაზღვრული ე.წ. გასაღების ფლობის ვალდებულება შეასრულოს, თუ სახელმწიფო დააკისრებს.
თუმცა, მისი თქმით, რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე, “სილქნეტი“ მონაცემების სრულყოფილად დაცვის პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
“უნდა იყოს თუ არა “გასაღები “ოპერატორებთან, ეს ჩვენს ნება – სურვილზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ მზად ვართ, კანონით განსაზღვრული ე.წ. გასაღების ფლობის ვალდებულება შევასრულოთ, თუ სახელმწიფო დაგვაკისრებს. თუმცა რამდენად ეფექტურად შევასრულებთ ამ ვალდებულებებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფორმით იქნება მიღებული დოკუმენტი პასუხისმგებლობის აღება მასშტაბური ინფორმაციის შენახვაზე და დაცვაზე. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ფინანსურ, ტექნიკურ და მატერიალურ რესურსთან არის დაკავშირებული და ამის განხორციელება პირველ დეკემბრამდე ჩვენი კომპანიის მხრიდან შეუძლებელი იქნება. იმ ტიპის და მოცულობის ინფორმაციის შენახვას, რასაც კანონი გულისხმობს, დრო და შესაბამისი ორგანიზება სჭირდება”, – განუცხადა “კვირას“ გიორგი ზღულაძემ.
როგორც ცნობილია, მოსმენებთან დაკავშირებული ე.წ. გასაღების საკითხზე პარლამენტში წარდგენილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება, რომლის განხილვაც არ დაწყებულა და საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული არ არის. არასამთავრობოთა შეთავაზება ასევე ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, ერთი გასაღები აქვს სასამართლოს, მეორე – ელექტრონულ კომპანიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები