მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები უკრაინის დელეგაციას შეხვდნენ

უკრაინა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს, – აღნიშნული საკითხი დღეს გამართულ შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ ადამიანის უფლებების საკითხებში უკრაინის საპარლამენტო კომისართან ვალერია ლუტკოვსკასთან შეხვედრაზე განიხილეს.
„ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საქართველოში ჩამოვიდა უკრაინული დელეგაცია იმისთვის, რომ გაიზიაროს ჩვენი გამოცდილება ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების ნაწილში. მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს ძალზე აქტუალური საკითხი იყო, მთავრობამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოწესრიგდეს საქართველოში. გადაიდგა მთელი რიგი ნაბიჯები, მათ შორის, პარლამენტმა დაამტკიცა ადამინის უფლებათა სტრატეგია და მთავრობამ, შემდგომ სამოქმედო გეგმა. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ უკრაინასაც”, – განაცხადა შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, უკრაინის დელეგაციასთან ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა.
“ისინი, ძირითადად, დაინტერესებულნი არიან ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგიის შემუშავებით, ასევე მისი შესრულების იმპლემენტაციით, თუ რა როლს ასრულებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ამ ნაწილში. მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფიო ჯაფარიძე არის ჩართული ამ პროცესში. ჩვენ შევეცადეთ, დეტალურად გაგვეზიანებინა გამოცდილება, რომელიც ამ კუთხით გვაქვს და ასევე შევთავაზეთ ჩვენი ჩართულობა და დახმარება ყველა იმ მიმდინარე რეფორმაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ნაწილში გამოვიარეთ”.
ნინო კობახიძის თქმით, შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება გრძელვადიან თანამშრომლობაზე.
ადამიანის უფლებების საკითხებში უკრაინის საპარლამენტო კომისრის ვალერია ლუტკოვსკას განცხადებით, უკრაინაში გამოიცა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას და სწორედ ამიტომ საქართველოს გამოცდილება, რომელმაც ეს სტრატეგია მიმდინარე წლის მარტში მიიღო, აუცილებელი იყო.

“უკრაინა ახლა იმყოფება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც საქართველო იმყოფებოდა დაახლოებით ერთი წლის წინ. ჩვენთან ახლა გამოიცა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც ითვალისწინებს სამუშაო ჯგუფის შექმნას ადამიანის უფლებების სფეროში ეროვნული სტრატეგიის მიღების მიზნით. ასეთი დოკუმენტი საქართველომ 2014 წლის აპრილში მიიღო, რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ ეს სტრატეგია მკვდარი დოკუმენტი არ უნდა იყოს, არამედ უნდა შესრულდეს მათ შორის უკრაინის ხელისუფლების მიერ. ამის გათვალისწინებით, ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო საქართველოსთან ინფორმაციის გაზიარება, როგორ მზადდებოდა სტრატეგია, როგორ ხორციელდება იგი და რა მექანიზმები აქვს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ გავლენა მოახდინოს სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე”, – განაცხადა უკრაინის საპარლამენტო კომისარმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები