“მაგთიკომისთვის” კომპანიაში ე.წ. გასაღების ქონა მიუღებელია

როგორც “კვირას“ მააგთიკომის” იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილემ ირაკლი მჟავანაძემ განუცხადა, კერძო კომპანიების მიღმა უცხოური დამფუძნებლები დგანან.
მისი თქმით, შესაბამისად, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ არაუფლებამოსილ პირებს აღნიშნულ ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომა ჰქონდეთ. მჟავანაძე მაღალ ხარჯებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანიაში ე.წ. გასაღების არსებობის შემთხვევაში “მაგთის“ ახალი თანამშრომლების ასაყვანად და ტექნიკური რესურსის მობილიზებისთვის არაადეკვატური სახსრების გაღება მოუწევს.
“მაგთისთვის“ ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია ე.წ. გასაღების ქონა. ეს მიდგომა, პირველ რიგში, გამოწვეულია იმით, რომ კერძო კომპანიების უკან დგანან უცხოური დამფუძნებლები. შესაბამისად, არსებობს ალბათობა იმისა, რომ ინფორმაციები არამიზნობრივად იქნას გამოყენებული. ამას ემატება ხარჯები, რომლის გაღებაც კომპანიას მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი გასაღები კანონით დაკისრებული ვალდებულებით მას ექნება. ასევე, კოპმანიებს არ აქვთ ამ მსგავსი ამოცანების შესრულების გამოცდილება, რაც ინფორმაციების დაცულობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. კომპრომისულ ვარიანტად გვეჩვენება ორგასაღებიანი მოდელი, რა დროსაც გასაღებები იარსებებს კომპანიის ფარგლებს მიღმა საჯარო უფლებამოსილების მქონე სტრუქტურებში“, – განუცხადა “კვირას“ ირაკლი მჟავანაძემ.
როგორც ცნობილია, მოსმენებთან დაკავშირებული ე.წ. გასაღების საკითხზე პარლამენტში წარდგენილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება, რომლის განხილვაც არ დაწყებულა და საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული არ არის. არასამთავრობოთა შეთავაზება ასევე ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, ერთი გასაღები აქვს სასამართლოს, მეორე – ელექტრონულ კომპანიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები