ადამიანს მეხსიერება ჯერ კიდევ დაბადებამდე გააჩნია
მუცლად ყოფნის პერიოდში ადამიანს მარტივი სწავლის უნარი და მეხსიერება აქვს, ხოლო ორსულობის ბოლოსკენ მას გრძელვადიანი მეხსიერებაც უვითარდება.
30 კვირის ასაკის ნაყოფს მეხსიერება გააჩნია. ეს შთამბეჭდავი შედეგი მიღებულია მაასტრიჰის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრისა (Maastricht University Medical Centre) და რედბოუნდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის (Medical Centre Radboud University) მეცნიერთა მიერ. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში „Child Development”.
ჰოლანდიელ მეცნიერთა კვლევაში 93 ორსული ქალი მონაწილეობდა. ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კვლევა ეთიკის კომისიის მიერ მოწონებული იყო და ყველა ქალი ექსპერიმენტში ნებაყოფლობით მონაწილეობდა. ცდები უსაფრთხო იყო როგორც ქალის, ისე მისი მომავალი შვილის ჯანმრთელობისათვის.
ორსულობის ვადის მიხედვით გამოყოფილ იქნა ხუთი ჯგუფი: 30, 32, 34, 36 და 38 კვირა. პირველ ოთხი ჯგუფთან ექსპერიმენტი ჩატარდა ორჯერ (ხელმეორედ ორსულობის 38-ს კვირის მიღწევისას).
ექსპერიმენტის მიზანი იყო იმის შემოწმება, თუ როგორ პასუხობს ნაყოფი გარე სტიმულზე და შეუძლია თუ არა მას მისი დახსომება. ბნელ ოთახში მოხერხებულად სავარძელში მოკალათებული ქალის მუცელზე ყოველ 30 წამში ზემოქმედებდნენ ერთი წამის ხანგრძლივობის ვიდეოაკუსტიკური სტიმულით. ამისათვის გამოყენებული იყო სპეციალური ვიდეოაკუსტიკური სტიმულატორი. ნაყოფი რეაგირებდა ამაზე მოძრაობით, რომელიც ჩანდა ულტრაბგერითი სკანირებისას. სპეციალისტების თქმით, ეს მოძრაობა-რეაქცია ადვილი გამოსარჩევია ნაყოფის ჩვეულებრივი მოძრაობისაგან.
მაგრამ სტიმულის რამდენჯერმე გამეორების შემდეგ ნაყოფი სტიმულზე აღარ რეაგირებდა, ანუ ის მას ეჩვეოდა. მიჩვევა ის ფენომენია, რომელიც დამახასიათებელია ნერვული სისტემის მქონე პრაქტიკულად ყველა ორგანიზმისათვის – მოლუსკიდან ადამიანამდე. მიჩვევას ფიზიოლოგები განიხილავენ, როგორც სწავლის უმარტივეს ფორმას.
ამრიგად, მკვლევარების მიერ დადგენილია, რომ 30 კვირის ასაკში ადამიანის ნაყოფს ელემენტარული სწავლის უნარი აქვს. მას ახსოვს ის, რაც იყო 10 წუთის წინ…
პირველ ექსპერიმენტში მიჩვევის ტესტი გაიმეორეს 10 წუთის ინტერვალით. აღმოჩნდა, რომ მეორე ტესტის შემთხვევაში ყველა ჯგუფში სტიმულისადმი მიჩვევა უფრო სწრაფად ვითარდებოდა. მეცნიერთა შეფასებით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ნაყოფი სტიმულს იხსომებს და მეორე ტესტირებისას მასზე აღარ რეაგირებს. ეს ნიშნავს, რომ მას გააჩნია სულ მცირე 10 წუთიანი ხანმოკლე მეხსიერება.
მეორე ექსპერიმენტში, როცა მიჩვევის ცდა 38-ე კვირის ვადაზე ყველა ჯგუფში გამეორდა, მეცნიერებს ჰქონდათ იმის შემოწმების შესაძლებლობა, შეუძლია თუ არა ნაყოფს ინფორმაციის შენახვა ამ დროის განმავლობაში. პირველ ორ ჯგუფში პირველი და მეორე ექსპერიმენტის ტესტირებას შორის სანდო განსხვავება არ გამოვლინდა. მაგრამ 34-ე და 36-ე კვირის ორსულების ჯგუფებში მეორე ექსპერიმენტში განსხვავება დადასტურდა. მეორე ტესტირებისას ნაყოფი სტიმულზე საერთოდ არ რეაგირებდა.
შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ 34 და 36 კვირის ნაყოფს შეუძლია ინფორმაციის შენახვა სულ მცირე 4 კვირის განმავლობაში. ეს კი უკვე ხანგრძლივი მეხსიერებაა.
პირველად მეცნიერებმა მოახერხეს იმის ექსპერიმენტული გზით დამტკიცება, რომ მეხსიერება უკვე მუცლად ყოფნის პერიოდში ვითარდება. თავიდან მეხსიერება მარტივი ფორმით ვლინდება და თანდათან ვითარდება. შესაძლოა, რომ მეხსიერება ნაყოფს უფრო ადრეულ პერიოდში უვითარდება, მაგრამ ამ მეთოდით ამის შემოწმება შეუძლებელია.
ჰოლანდიელ მეცნიერთა აღმოჩენა მნიშვნელოვანია პრაქტიკული თვალსაზრისითაც. ამ მეთოდით შეიძლება ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარების შემოწმება.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს თავის ტვინის განსაკუთრებული არე, რომელიც დაბერების პროცესს მართავს
ასაკოვან მღრღნელებზე ჩატარებული კვლევის შედეგად მეცნიერებმა „დაბერების ცენტრი” აღმოაჩინეს. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში „Nature”.
აღმოჩნდა, რომ დაბერების პროცესში ჩართულია ჰიპოთალამუსი, თავის ტვინის „ენდოკრინული ცენტრი”. მისი მუშაობის ბლოკირება დაბერების დადგომას ანელებს.
„დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით, გაგვერკვია, სხეულის ქსოვილები დამოუკიდებლად ბერდება თუ არსებობს რაღაც „დაბერების ცენტრი”, რომელიც ამ პროცესს მართავს. როგორც გაირკვა, ამ პროცესებს, ნაწილობრივ მაინც, ჰიპოთალამუსი აკონტროლებს. ამის შედეგად შევძელით თაგვების დაბერების პროცესის შენელება და მათი სიცოცხლის გახანგრძლივება”, – განაცხადა დუნშენ ცაიმმა (Dongsheng Cai) ნიუ-ორკის ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯიდან (აშშ).
მეცნიერებმა თაგვის თავის ტვინში „დაბერების ცენტრი” აღმოაჩინეს ასაკოვანი მღრღნელების თავის ტვინში მიმდინარე ასაკობრივ ცვლილებებზე დაკვირვების შედეგად. მათ აინტერესებდათ სიბერის ერთ-ერთი ტიპობრივი სიმპტომი – მაღალი მგრძნობელობა ანთების მიმართ. ბიოლოგები თვალს ადევნებდნენ ანთების კერების წარმოქმნას საკვანძო სასიგნალო ცილის – ეგრეთ წოდებული „NF-kB ფაქტორის” – დონის გაზომვის გზით. აღმოჩნდა, რომ ამ ცილის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აღინიშნებოდა ჰიპოთალამუსში, ანუ თავის ტვინის იმ ნაწილში, რომელიც ჰორმონალური სისტემის მუშაობას მართავს. მკვლევარები აკვირდებოდნენ იმას, თუ როგორ იცვლება ჰიპოთალამუსის ნეირონებისა და მიმდებარე უჯრედების ქცევა ამ ცილის მოლეკულების დამატებისას. აღმოჩნდა, რომ NF-kB თრგუნავდა ჰორმონის – ჰონადოლიბერინის სინთეზს. ეს ჰორმონი ახდენს სასქესო უჯრედების სტიმულირებას.
ამ ფაქტის საფუძველზე მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ჰონადოლიბერინის აქტივობის დაქვეითება არის ის სიგნალი, რომელიც იწვევს სხეულის ყველა ქსოვილის დაბერებას. ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად მათ გაანეიტრალეს NF-kB მოლეკულების ნაწილი ხანდაზმული თაგვების თავის ტვინში. ამგვარი თერაპიის შედეგად შეჩერდა ნერვული უჯრედების დეგრადაცია და ცდაში მონაწილე თაგვების სიცოცხლის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ თაგვებთან შედარებით 20%-ით გაიზარდა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ჰიპოთალამუსის შემდგომი შესწავლის შედეგად მოხერხდება სიცოცხლის გახანგრძლივების ანალოგიური მეთოდის შექმნა ადამიანისათვისაც.
წყარო: http://tornikeeristavi.blogspot.com