სოსო ჭაუჭიძის საჯარო ლექცია გაიმართება

დღეს წიგნის სახლ „ლიგამუსში“ სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, სოსო ჭაუჭიძის საჯარო ლექცია „რევოლუციის კონსტრუქტორები: რუსული კონსტრუქტივიზმი ლაბორატორიასა და ქარხანას შორის“ გაიმართება.
ლექცია ჩატარდება „საბჭოთა პარადიგმების“ შეხვედრების ციკლის ფარგლებში.
„მოსკოვურ დღიურებში“ ვალტერ ბენიამინი წერდა:
„სქემატური ფორმით, მოსკოვი – ისეთი, როგორადაც ის სწორედ ამ მომენტში გამოიყურება – შესაძლებლობათა ფართო ლანდშაფტს შლის: უპირველეს ყოვლისა, შესაძლებლობას რევოლუციის სრული კრახისა, ისევე, როგორც შესაძლებლობას – მისი წარმატებისა. თუმცა, ორივე ინსტანციაშია რაღაც არაპროგნოზირებადი – რაღაც, რისი გამოვლენაც მომავალის ნებისმიერი პროგრამული ჩანახატისგან განსხვავებული იქნება.“
პოსტ-რევოლუციური მოსკოვის კულტურული სივრცის „მამოძრავებელი სულისკვეთება“ რადიკალური ექსპერიმენტებისა და „კონკრეტული უტოპიების“ ვრცელი ჰორიზონტია. რუსული კონსტრუქტივიზმი – ამ ჰორიზონტის ერთი, თუმცაღა მრავალმხრივ გამორჩეული უბანი – ხელოვნების კეთებისა და ხელოვანის როლის რადიკალურ ხედვას გვთავაზობს. ხედვას, რომლის პროგრამული დაპირებების, რადიკალური იმპულსების, ვერაქტუალიზებული პოტენციალისა და პროგნოზირებადი თუ არაპროგნოზირებადი მარცხის რეკონსტრუირებას ლექციაზე შევეცდებით.
სოსო ჭაუჭიძე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროგრამის სტუდენტი. მას შესრულებული აქვს ბორის გროისის სტატიების თარგმანი: გროისი, ბორის: „ესეები“; მთარგმნ: სოსო ჭაუჭიძე, თორნიკე ჭუმბურიძე. თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები