დეპუტატი თამაზ ჯაფარიძე: მე რას ჩავიცვამ, არავის საქმე არ არის

 

პარლამენტის უმრავლესობის წევრს თამაზ ჯაფარიძეს, რომელმაც მედიის წარმომადგენლებს დღეს ჩაცმის სტილი დაუწუნა, საკუთარი ჩაცმულობა მოსწონს. დეპუტატი დღეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე პერანგის, კოსტიუმის და ჰალსტუხის გარეშე, სვიტერით გამოცხადდა და ჟურნალისტების ჩაცმულობა გააკრიტიკა.
„მოდის ისეთი თაობა და პერიოდი, რომ ამას წინათ, აქ შემოვიდა ვიღაც და უკაცრავად, “ტერნიაჟით” იჯდა. შეიძლება კომიტეტის სხდომაზე კორესპონდენტი „მაიკით“ შემოვიდეს? ეს არ შეიძლება. ამას უნდა თავისი კანონი. ყველაფრის თავის ჭკუაზე მიშვება შეიძლება?! – არ შეიძლება”, – განაცხადა ჯაფარიძემ კომიტეტის სხდომაზე.
დღის ბოლოს პარლამენტის წევრს „კვირა“ დაუკავშირდა. როგორც „კვირას“ დეპუტატმა განუცხადა, არავის საქმე არ არის, ის თავად როგორ ჩაიცვამს და პარლამენტში როგორ გამოცხადდება.file_4923326

„მე რას ჩავიცვამ, არავის საქმე არ არის. მე რომ სხვანაირად ვფიქრობდე, ჩემს ჩაცმულობაზე და არ მომწონდეს, სხვანაირად ჩავიცვამდი. რაც შეეხება ჩემს წვერს, მე კი არა, ილია ჭავჭავაძე იჯდა დუმაში წვერ-ულვაშით. ასე დადიოდა აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა და შოთა რუსთაველიც. არაა თქვენი საქმე ჩემი ჩაცმულობა, გაიგეთ? შეურაცხყოფას თავი დაანებეთ“, – განაცხადა თამაზ ჯაფარიძემ.

დეპუტატმა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებული განცხადება „კვირასთან“ საუბარში უარყო და აღნიშნა, რომ მას ჟურნალისტების ჩაცმულობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუხატავს.

„მე ჟურნალისტების საწინააღმდეგოდ არაფერი მითქვამს. მე ვთქვი ყველას მიმართ, ვინც არ უნდა იყოს პარლამენტის შენობაში „ტრუსიკ-მაიკის“ ამარა, არ უნდა შემოვიდეს-მეთქი. ეს ჟურნალისტების მისამართით არ მითქვამს. იქ შემოვიდა ვიღაცა „მაიკით“, მე არ ვიცი, ის ჟურნალისტი იყო თუ პოლიტიკოსი. მე ვთქვი ყველას მისამართით, რომ ადამიანმა თავისი ჩაცმულობით და გარეგნობით, პატივი უნდა სცეს იმ გარემოებას, სადაც არის, ვინც არ უნდა იყოს ის“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
„კვირა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მეუღლესაც დაუკავშირდა. თუმცა, მზია მარკოიშვილმა ვერ გაიხსენა, რა ეცვა მის მეუღლეს დილით.

10569206_10152535582584779_1410189068_n

„მე დილით ადრე გამოვედი და არც კი ვიცი, როგორ წავიდა დღეს პარლამენტში. ჩემი მეუღლის ჩაცმულობაზე შენიშვნა არავის უთქვამს“, – აღნიშნა მზია მარკოიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ თამაზ ჯაფარიძე, რომელიც დეპუტატის იმუნეტეტით სარგებლობს, სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის მსახიობია და ყველა სპექტაკლში დღემდე მთავარ როლს ასრულებს. როგორც „კვირას“ თეატრის ოფისმენეჯერმა მეგი მახარაძემ განუცხადა, თამაზ ჯაფარიძე თეატრთან აქტიურად თანამშრომლობს.
“„თამაზ ჯაფარიძე დილით რეპეტიციებს ესწრება, ყველა სპექტაკლში მონაწილეობს და თითქმის ყველგან მთავარი როლი აქვს. ბოლოს 11 ნოემბერს სპექტაკლ „ჭურში“ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. რა თქმა უნდა, ხელფასსაც იღებს“, – აღნიშნა მეგი მახარაძემ.
„კვირა“ დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციითაც დაინტერსდა, რომელიც თამაზ ჯაფარიძემ 2013 წლის 25 დეკემბერს შეავსო. დოკუმენტით ირკვევა, რომ მსახიობმა თამაზ ჯაფარიძემ თეატრიდან ხელფასის სახით 4440 ლარი მიიღო, ხოლო დეპუტატმა ჯაფარიძემ – 14 804 ლარი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოჯახთან ერთად გლდანის დასახლებაში ცხოვრობს.

იზა შაქარაშვილი

 

iz

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები