რუმინეთის ახალი პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი იქნება
რუმინეთის ახალი პრეზიდენტი მემარჯვენე, ქალაქ სიბიუსის მერი კლაუს იოჰანისი გახდა. შეგახსენებთ, რომ იოჰანისის კანდიდატურა მას შემდეგ დამტკიცდა, რაც რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ პონტამ მას დაურეკა და არჩევნების მეორე ტურში დამარცხება აღიარა.
„მე დავურეკე ბატონ იოჰანისს და მივულოცე“, – განაცხადა სოციალ-დემოკრატმა პონტამ.
შეგახსენებთ, რომ ეგზიტპოლების შედეგები მერყეობდა ვიქტორ პონტას და კლაუს იოჰანისის კანდიდატურებს შორის. ამასთან, გამოკითხვების უმრავლესობამ აჩვენა, რომ პირველ ადგილზე პონტა გავიდა, რომელიც ასევე პირველი ტურის გამარჯვებულიც იყო.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, რუმინეთის 4- მილიონიანი მოსახლეობის საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უმრავლესობა პრემიერ-მინისტრით უკმაყოფილო იყო. საარჩევნო კამპანიის დროს პონტა პენსიების და მინიმალური ხელფასების გაზრდას დაჰპირდა ხალხს.
რაც შეეხება რუმინეთის ახალ პრეზიდენტს, იოჰანისმა ამომრჩევლებს კორუფციასთან ბრძოლას და რუმინეთის სასამართლო სისტემის განმტკიცებას დაჰპირდა.