საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებში დაშავებულთა და დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” და “საქართველოს წითელი ჯვარი”დღეს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებში დაშავებულთა და დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო პროგრამის ახალგაზრდული კლუბის წევრები, რომლებიც თბილისის ქუჩებში მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები შუქნიშნებთან და ზებრა გადასასვლელებთან თეატრალიზებულ აქციას მოაწყობენ. აქციის მთავარი მოწოდებები იქნება: “შეანელე”, “გზა დაუთმე ქვეითს”, “ისარგებლე ქვეითთა გადასასვლელით”.
მსგავსი მოწოდებებით სტიკერები დაურიგდებათ მძღოლებსა და ქვეითებს. მსვლელობის მიზანია, საზოგადოების გააქტიურება საქართველოში საგზაო უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად, რათა შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა. მსვლელობა დაიწყება ჭავჭავაძის გამზირიდან (უნივერსიტეტის I კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან) და დასრულდება თავისუფლების მოედანთან. მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ ესტონელი პარტნიორი ორგანიზაციის “Traffic Prof” -ის წარმომადგენლები.
ქვეითების უსაფრთხოების კამპანიას მხარს უჭერს სადაზღვევო ასოციაცია და სადაზღვევო ინდუსტრია (რომელშიც 13 სადაზღვევო კომპანია შედის), რომლებიც საინფორმაციო შეტყობინებებს დაუგზავნიან თავიანთ კლიენტებს, რათა მძღოლებმა გზა დაუთმონ ქვეითებს ქვეითთა გადასასვლელებზე და დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.
2009 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, გაერო-ს რეზოლუციაზე დაყრდნობით, ყოველი წლის ნოემბრის თვის მესამე კვირა დღე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა ხსოვნის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.