15 ნოემბერი საბჭოთა ხელისუფლების მიერ მუსლიმი მესხების დეპორტაციის დღეა

  სახალხო დამცველი უჩა ნანუაშილი მუსლიმი მესხების დეპორტაციის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გასული საუკუნის 20-იან და 40-იან წლებში განსაკუთრებით გამწვავდა საბჭოთა კავშირის მიერ ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით მოსახლეობის რეპრესია, რაც 1944 წელს ასი ათასამდე მუსლიმი მესხის საქართველოდან შუა აზიაში იძულებით გადასახლებაში გამოიხატა.
სახალხო დამცველი მიესალმება, რომ 2014 წლის 12 სექტემბერს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დამტკიცდა იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის სახელმწიფო სტრატეგია.
„გასული საუკუნის 20–40 იან წლებში განსაკუთრებით გამწვავდა საბჭოთა კავშირის მიერ ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით მოსახლეობის რეპრესია რაც 1944 წელს 100 000–მდე მუსლიმი მესხის საქართველოდან შუა აზიაში იძულებით გადასახლებაში გამოიხატა. იძულებით გადაადგილებაში. იძულებითი გადასახლება დასჯის ერთ–ერთი მეთოდი იყო.
საქართველოს მთავრობამ 1999 წელს XX საუკუნის 40-იან წლებში საბჭოთა რეჟიმის მიერ სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მოსახლეობის რეპატრიაციის ვალდებულება აიღო ევროპის საბჭოს წინაშე, თუმცა აღნიშნული პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
სახალხო დამცველი ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში განიხილავს მუსლიმი მესხების რეპატრიაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. დეპორტირებული მუსლიმი მესხებისათვის და მათი ოჯახებისათვის სამშობლოში ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობისა და ხელშეწყობის მიზნით, საჭიროა კანონმდებლობის დახვეწა, რეპატრიაციისა და რეინტეგრაციის პოლიტიკის გაუმჯობესება, ასევე რეპატრირებულთათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა, რაც მათ საქართველოში ინტეგრაციისა და საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობისაა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ერთ–ერთი უმთავრესი გამოწვევა არის ცნობიერების ამაღლება, როგორც დეპორტირებულ, ისე მასპინძელ საზოგადოებაში.
2011 წლის პირველ მარტს შეიქმნა „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭო“, რომლის ფუნქციებია რეპატრიაციასთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებისა და რეკომენდაციების მომზადება, რეპატრიაციასთან დაკავშირებულ პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და საქართველოს მთავრობის ინფორმირება რეპატრიაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აუცილებელია საბჭოს საქმიანობა იყოს აქტიური და დროულად ხდებოდეს საზოგადოებისთვის საბჭოს მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
მისასალმებელია რომ 2014 წლის 12 სექტემბერს საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის სახელმწიფო სტრატეგია. ამასთან, აღნიშნული სტრატეგიის იმპლემენტაციისათვის სამოქმედო გეგმის შემუშავება დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით უნდა იქნეს მიღებული.
საქართველოს სახალხო დამცველი აკვირდება საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულების პროცესს, რათა დაცული იყოს მუსლიმი მესხების ძირითადი უფლებები დაბრუნებისა და ადგილზე ინტეგრაციის პროცესში“, აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები