საპარლამენტო უმრავლესობა საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებზე შეთანხმდა
ირაკლი ღარიბაშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გარშემოც იმსჯელეს.
როგორც პრემიერსა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხად უმრავლესობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის იმ კანდიდატებზე, რომლის წარდგენის კვოტაც მმართველ გუნდს აქვს, ჩამოყალიბებულია.
“საუბარი იყო იმ აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც მომავალ კვირას რიგგარეშე სხდომაზე განიხილება. ეს არის თვითმმართველობის რეფორმა, საარჩევნო კოდექსი და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო. უმრავლესობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატებთან დაკავშირებით ერთიან პოზიციაზე ჩამოყალიბებულია და ჩვენს გადაწყვეტილებას კენჭისყრის სახით ნახავთ”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, მომავალ კვირას გაიმართება. ამისათვის, პარლამენტის თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომის მოწვევის წინადადებით პრეზიდენტს მიმართავს.