„ნეზავისიმაია გაზეტა“: მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო გადატრიალებისაკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

იური როქსი, „ნეზავისიმაია გაზეტას” მიმომხილველი 

(შემოკლებით) 

თბილისში 15 ნოემბერს „რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის საწინააღმდეგო საერთოეროვნული აქცია” უნდა ჩატარდეს, რომლის ორგანიზატორია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. ქართველი საზოგადოების გარკვეულ წრეებში ამ ღონიძიებას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად „ნაციონალების” აქტიური მოქმედების დასაწყისად მიიჩნევენ.
„ნაციონალებს” საპროტესტო აქციებს ადრეც ატარებდნენ, მაგრამ შაბათს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს. საქმე მხოლოდ აქციას კი არ ეხება, არამედ იმას, რომ ამ აქციის დროს ქართველ საზოგადოებაში არსებული ტენდენციები, პროცესები და ძალთა განლაგება უნდა გამოიკვეთოს.
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ამ აქციის დაანონსებით „ნაციონალებმა” წაუგებელი სვლა განახორციელეს: აფხაზეთი სისხლიან ჭრილობად რჩება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში პოზიციის დაფიქსირება, წესით, ყველა პოლიტიკოსს და საზოგადოების წევრს უნდა სურდეს ლოგიკით – „ჯანდაბას, მართალია, „ნაციონალების” მიტინგია, მაგრამ აფხაზეთი უფრო მნიშვნელოვანია”. თავის მხრივ, „ნაციონალებიც” მარჯვედ იყენებენ მომენტს და რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სიტუაციას ხელოვნურად აღვივებენ, ანუ მიტინგი რეკორდულად მრავალრიცხოვანი უნდა იყოს;
მეორე – წაუგებელი აფხაზური თემა „ნაციონალებს” ხელისუფლების მძაფრი კრიტიკის საფუძველს აძლევს. მართალია, აფხაზეთის საკითხში „ქართული ოცნება” მართლაც თითქოსდა პასიურად მოქმედებს, მაგრამ „ნაციონალების” მმართველობის დროს რომ მოხდა აფხაზეთის აღიარება რუსეთის მიერ, ამაზე არცერთი „ნაციონალი” კრინტს არ ძრავს. უფრო საოცარი ისაა, რომ ამაზე არაფერს ამბობს ხელისუფლებაც, როცა ამ მიმართულებით შეიძლებოდა, კონტრდარტყმა განხორციელებულიყო;
მესამე – „ნაციონალები”, როგორც ჩანს, სანგრებში ისხდნენ და ახლა შეტევას იწყებენ თავიანთი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის გეგმის განსახორციელებლად. გავიხსენოთ, რომ ამასწინათ ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარლამენტის არჩევნებამდე დიდი დრო აღარაა, მაგრამ გაჩერება მაინც არ შეიძლება, ხელისუფლებას ქვეყანა უფსკრულისაკენ მიჰყავს და სიტუაციაში ახლავე უნდა ჩავერიოთო;
მეოთხე – „ნაციონალებმა” ხელისუფლებაზე შეტევის დრო და საბაბი საკმაოდ წარმატებულად შეარჩიეს: კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატების” გასვლის გამო მმართველ ძალას რიგებში ბზარი შეეპარა. ვთქვათ და, მიტინგზე „დემოკრატებიც” მივლენ და „ნაციონალებს” შეუერთდებიან, რა მოხდება? მოხდება ის, რომ დასავლეთში ამ ფაქტს „ქართული ოცნებისათვის” არასასიამოვნო რეზონანსი მოჰყვება, საქართველოში მომხდარი გადადგომების გათვალისწინებით.
მეხუთე – თბილისში კვლავ ვრცელდება ცნობები, რომ „ნაციონალებს” თითქოსდა  „მაიდნის” მოწყობა სურთ. თუ ეს ნამდვილად ასეა და თუ შაბათს ხელისუფლება მიტინგის აღკვეთას ძალის გამოყენებით შეეცდება, მაშინ მთავრობას ყველაფერი ცუდად შემოუბრუნდება – იმის გათვალისწინებით, თუ რა თემას უკავშირდება აქცია: საზოგადოების დარწმუნება გაძნელდება, რადგან საინფორმაციო ომის წარმოება და პიარი „ქართული ოცნებისათვის” ისევ სუსტ წერტილად რჩება და ეს მაშინ, როცა ხელისუფლებაში მოსვლიდან უკვე ორი წელი გავიდა!
მეექვსე – სხვათაშორის, ხელისუფლებისთვის სიტუაციის საერთო ნეგატიურობის მიუხედავად, მაინც შეიძლება პოზიტივის პოვნა: ამ აქციამ „ქართული ოცნება” უნდა გამოაფხიზლოს, ბიძგი უნდა მისცეს აქტიური კონტრმოქმედებისათვის, უნდა გაიხსენოს, რომ საჭიროა არჩევნების დროს მიცემული დაპირებების შესრულების პროცესის ინტენსიფიცირება. შაბათს „ქართული ოცნება”, ალბათ, დარწმუნდება იმაში, რომ მას ჰყავს მოწინააღმდეგე, რომელიც, გარკვეული რეპრესიების მიუხედავად, არ გამქრალა და ძალიანაც არ დასუსტებულა;
მეშვიდე – შაბათის აქციამ შეიძლება პასუხი გასცეს იმ კითხვას, რამდენად ძლიერია ხელისუფლების პოზიციები. რაღაც ფორმით ეს აუცილებლად გამოვლინდება – იმის მიუხედავად, რომ აქციაზე გამომსვლელთა რაოდენობა „ნაციონალების” რაოდენობის ტოლფასი არ იქნება.

წყარო: „რეპორტიორი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები