წიგნის „მაესტრო და (არა მხოლოდ) ხევსურეთი“ პრეზენტაცია გაიმართება

დღეს „თი-ბი-სი გალერეაში“ ამირან არაბულისა და ეთერ თათარაიძის წიგნის „მაესტრო და (არა მხოლოდ) ხევსურეთი“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი „თი-ბი-სი ბანკის“ მხარდაჭროთ გამოიცა. მას თან მდიდარი ფოტოილუსტრაცია ახლავს და ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის – ნოდარ ანდღულაძის საქართველოს მთიან რეგიონებში – ხევსურეთში, გურიასა და სვანეთში მოგზაურობას ასახავს . ნაშრომში „მაესტრო და (არა მხოლოდ) ხევსურეთი“ მკითხველი გაეცნობა 50 -იან წლებში არხოტის თემის სოფლებსა და მოსახლეობას, მათი ღვთისმსახურებისა და საყოფაცხოვრებო ამბებს. იმ ადამიანებს, რომელთა მრწამსი, მხატვრული სიტყვა, ცხოვრების წესი და ქცევის ნორმები მაშინდელი მთის თვითმყოფად სახესა და ხასიათს განსაზღვრავდა.
ნოდარ ანდღულაძე სიღრმისეულად იყო დაინტერესებული მთიელთა ძველთაძველი კულტურით. საოპერო ხელოვნების დიდოსტატისთვის უმთავრესი გახლდათ ის საწყისები და სათავეები, სადაც განუმეორებელი ბგერა, ხმა და ეროვნული ინტონაცია იბადებოდა.
წიგნის პრეზენტაციასთან ერთად მოეწყობა შავ-თეთრი ფოტოსურათების გამოფენა. ძირითადად, წარმოჩენილი იქნება ხევსურული ეთნოტიპაჟის თემა – უძველესი ხევსურული სამოსი და საოჯახო ნივთები, „სამედიცინო“ ინსტრუმენტები და საბრძოლო იარაღები.
„მაესტრო და (არა მხოლოდ) ხევსურეთი“ ცნობილი ქართველი ფოლკლორისტების – ამირან არაბულის და ეთერ თათარაიძის მეხუთე ერთობლივი ნაშრომია. მათ შორის არის „შენდობით მომიხსენიეთ“, რომელიც 2008 წლის „საბას“ პრემიის გამარჯვებული გახდა, ნომინაციაში – საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები