გამოფენა „პოსტსტალინური ლიბერალიზაცია ქართულ მხატვრობაში“ გაიხსნება

24 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენა „პოსტსტალინური ლიბერალიზაცია ქართულ მხატვრობაში“ გაიხსნება.
გამოფენის მიზანია 50-იანი წლების თაობის წარმომადგენელთა შემოქმედებისა და მათ მიერ ქართულ მხატვრობაში მოხდენილი რეფორმის შესაბამის კონტექსტში ჩვენება. ქართველი მხატვრების ამ თაობის შემოქმედება, ცნობილი „პოსტსტალინური ლიბერალიზაციის“ სახელით, წარმოადგენს არსობრივად ახალ ეტაპს ქართული მხატვრობის ისტორიაში. კერძოდ, 30-40-იან წლებში სოცრეალისტური მხატვრული მეთოდის პროპაგანდისტური ხასიათის ნამუშევრების ფონზე, 50-იანელები იწყებენ განსხვავებულ აზროვნებას, დამყარებულს გამოკვეთილად ფერწერულ, სპეციფიკურად მხატვრულ ამოცანებზე, არა კოლექტიურ, არამედ ინდივიდუალურ ძიებებსა და მიგნებებზე, რაც უმნიშვნელოვანესი იმპულსი აღმოჩნდა ქართული მხატვრობის შემდგომი განვითარებისთვის.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 50-იანელთა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. დამთვალიერებელი აგრეთვე გაეცნობა საინფორმაციო მასალას აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქივიდან, ვიდეო და ფოტომასალას, გამოფენაში მონაწილე მხატვრების მიერ სხვადასხვა წლებში ილუსტრირებულ წიგნებს.
დამთვალიერებელს საშუალება ექნება, გამოფენაზე იხილოს ისეთი ცნობილი ავტორების ნამუშევრები, როგორებიც არიან: ედმონდ კალანდაძე, ჯიბსონ ხუნდაძე, ზურაბ ნიჟარაძე, ალექსანდრე ბანძელაძე, დიმიტრი ერისთავი, თენგიზ მირზაშვილი, გურამ ქუთათელაძე, ლეოპოლდ ძაძამიძე, რევაზ თარხან-მოურავი, ლევან ცუცქირიძე, ჟანგო მეძმარიაშვილი, მიხეილ ხვიტია, ალბერტ დილბარიანი, ლევ ბაიახჩევი, დიმიტრი ხახუტაშვილი, გოგი ოჩიაური, ავთო ვარაზი, ვალენტინ შერპილოვი, ზურაბ ლეჟავა, უჩა ჯაფარიძე, თამარ აბაკელია, კორნელი სანაძე, რობერტ სტურუა, დავით კაკაბაძე და ლადო გუდიაშვილი.
გამოფენის ფარგლებში ჩატარდება სალექციო კურსი თემებზე: 50-იანელთა მხატვრული რეფორმა, ტოტალიტარიზმი და სახვითი ხელოვნება, საბჭოთა მხატვრული კრიტიკის თავისებურებები. ასევე, მოეწყობა შეხვედრა რამდენიმე მხატვართან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები