საქართველოს მთავრობამ ვიზიტების შესახებ ახალი დადგენილება მიიღო

საქართველოს მთავრობამ “ოფიციალური შეხვედრების (ვიზიტების) განხორციელებისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ” ახალი დადგენილება მიიღო. საკითხს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება ვეღარ დაარეგულირებს.
დადგენილების თანახმად, გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთა ოფიციალური ვიზიტების ორგანიზებას საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ახორციელებს.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ახორციელებს პრეზიდენტის და მისი მეუღლის, პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების, პრემიერ-მინისტრის, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეების, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების, გენერალური აუდიტორის, სახალხო დამცველის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, დაზვერვის სამსახურის უფროსისა და თბილისის მერის ოფიციალური ვიზიტების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.
მთავრობის დადგენილებით კი ამ ნუსხას დაემატა: საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეუღლე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტეტების თავმჯდომარეები, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში – ეკონომიკური საბჭოს მდივანი და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა უნდა განახორციელონ აღნიშნული პირების, აგრეთვე, საზღვარგარეთის ქვეყნებში მათი ხელმძღვანელობით წარგზავნილი საქართველოს ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, რაც მოიცავს დახვედრისა და გაცილების ცერემონიას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობის ხელშეწყობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები