„ალასანიამაც და ღარიბაშვილმაც ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მიიღეს“
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტმა არჩილ გამზარდიამ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენები და სამთავრობო ცვლილებები შეაფასა.
გამზარდიას განცხადებით, პოლიტიკური პროცესები ნაჩქარევად განვითარდა, რასაც ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებების მთელი კასკადი მოჰყვა. საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მისი სამინისტროს წარმომადგენელთა დაკავების პოლიტიკურ ზეწოლად შეფასების გამო გააკრიტიკა. მისი განმარტებით, გაუგებარი არგუმენტია სამართდამცავი ორგანოების სახელმწიფო უწყებაში შესვლა რატომ არის პოლიტიკური დევნა.
„ნაჩქარევად განვითარდა პროცესები. ნაჩქარევი იყო ალასანიას განცხადება, რომ პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა. სახელმწიფოს მიერ, სახელმწიფო სექტორში გამოძიების წარმოება არ ნიშნავს იმას, რომ ეს პოლიტიკური დევნაა. ის ლოგიკა, რომ როცა სამართალდამცავი ორგანოები შედიან სახელმწიფო უწყებაში, ეს არის პოლიტიკური დევნა, გაუგებარია“, – განაცხადა არჩილ გამზარდიამ.
გამზარდიას შეფასებით, ნაადრევი აღმოჩნდა პრემიერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც როგორც ალასანიას მოხსნის, ისე ახალი მინისტრის დანიშვნის შესახებ.
მისი განცხადებით, უფრო სწორი იქნებოდა, გარკვეული დროის მანძილზე მინისტრის მოვალეობა მის რომელიმე მოადგილეს შეესრულებინა. არჩილ გამზარდიას თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ალასანიას თანამდებობაზე დარჩენა რაიმე საფრთხის შემცველი არ იქნებოდა.
გამზარდიას განმარტებით, ალასანიას ქმედებებში არ იკვეთებოდა ის, რომ თავდაცვის მინისტრი რაიმე პროვოკაციაზე და ავანტიურაზე წამსვლელი ყოფილიყო.
„ მეორე ნაჩქარევი აქტი იყო პრემიერის გადაწყვეტილება, მომენტალურად მოეხსნა ალასანია. ცხადია, რომ ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს მოხდა ძალიან ნაჩქარევად. არ ვფიქრობ, რომ ირაკლი ალასანია შეიძლება ავანტიურაზე წასულიყო და სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობა ჰქონოდა. თავად ფაქტი თავდაცვის მინისტრობიდან გადაყენება შეიძლება უფრო გახდეს საბაბი რაიმე საფრთხეების. რომც დარჩენილიყო ირაკლი ალასანია რაღაც პერიოდი თავდაცვის მინისტრად, არ მგონია, რომ ეს რაიმე საფრთხეს შემცველი იქნებოდა. ნაჩქარევი იყო ახალი მინისტრის დანიშვნაც. შეიძლებოდა რაღაც დროით მოადგილეს შეესრულებინა თავდაცვის მინისტრის მოვალეობა. უცბად გაჩნდა მინისტრი, რომელიც დაზვერვიდან არის წარმოდგენილი და ამ კუთხით გარკვეული რისკები არსებობს“, – განაცხადა არჩილ გამზარდიამ.