პაატა ზაქარეიშვილმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვა.
მინისტრმა ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ 20 სტუდენტს, რომლებიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის “1 პლიუს 4” ფარგლებში სწავლობენ სიგელები გადასცა და სწავლაში წარმატებები უსურვა.
“თქვენი პროფესიული წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში “1 პლიუს 4″ პროგრამით ჩაბარების მსურველების რაოდენობა იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამა წარმატებულია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა საკუთარ სამშობლოში მიიღოს განათლება. ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრაციის ხელშეწყობაა, რაც თქვენ თვითრეალიზებაში დაგეხმარებათ. ჩვენ გვინდა თქვენი მომავალი საქართველოს დაუკავშიროთ და უცხოეთში წასვლაზე ნაკლებად იფიქროთ”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სტუდენტების დაჯილდოებაზე.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში 10 ნოემბერს მულტიეთნიკური ფესტივალი “ერთი ცის ქვეშ” ჩატარდა, რომელშიც თბილისის, ქვემო ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების საჯარო სკოლებიდან ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ქურთი, ქისტი, უკრაინელი, რუსი, ოსი და ბერძენი ეროვნების მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, პროგრამა “1 პლიუს 4” საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტები ამ პროგრამის მეშვეობით მშობლიურ ენაზე უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ 1 წლის განმავლობაში ქართული ენის მოსამზადებელ კურსს გადიან. აღნიშნული კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ, მეორე წელს პირველი კურსიდან აგრძელებენ სწავლას.