„ნაციონალებს“ აინტერესებთ, რისი მობილიზება შეუძლიათ“
„ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი ძალების დათვალიერება აინტერესებს“,- ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ, საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში 15 ნოემბერს ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მიერ დანიშნული აქცია.
მისი განცხადებით, აქციასთან დაკავშირებით მას რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს. თევზაძის თქმით, „ნაციონალებს“ აინტერესებთ ის, თუ რამდენი ადამიანის მობილიზება შეუძლიათ დღეს, ხელისუფლების დაკარგვიდან 2 წლის შემდეგ.
„ 15 ნოემბერს არაფრის მოლოდინი არა მაქვს. ვიქნები სახლში ტელევიზორთან და ისე დავაკვირდები მოვლენებს. ეს პოლიტიკური შეკრებაა. საკუთარი ძალების დათვალიერება აინტერესებს პარტიას. 2 წელი გავიდა და „ნაციონალებს“ აინტერესებთ, რისი მობილიზაცია შეუძლიათ, ეს თუ არა, ამისთვის მაშინ სხვა რამე უნდა მოეფიქრებინათ“,- განაცხადა დავით თევზაძემ.
შეგახსენებთ რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი 15 ნოემბერს რუსეთის ქმედებებს რუსთაველის გამზირზე გააპროტესტებენ.