„თავდაცვის სისტემა დახურული კი არა, ჩახურული იყო“

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე არ გამორიცხავს, რომ საფრანგეთში, ირაკლი ალასანიას მიერ გაფორმებული დოკუმენტის შესახებ (თუ, მართლაც, გაფორმდა ასეთი დოკუმენტი), ირაკლი ღარიბაშვილს არაფერი სცოდნოდა. აღნიშნულს თევზაძე თავდაცვის უწყების ჩახურულობით ხსნის და ჩახურვასა და დახურვას შორის სხვაობაზეც საუბრობს. აღნიშნულ თემაზე დავით თევზაძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. ყოფილი მინისტრის განმარტებით, სისტემა დახურულია, როდესაც მასში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია გარეთ არ გამოდის, მაგრამ საქმის კურსში არიან პრემიერი და პრეზიდენტი. რაც შეეხება ჩახურვას, მისი ინფორმაციით, ამ შემთხვევაში მინისტრი საკუთარ თამაშს თამაშობს და ინფორმაცია პრემიერამდეც კი არ მიდის.
„სისტემა არა დახურული, არამედ ჩახურული იყო. ახლა კიდევ უფრო ჩაიხურება. ალასანია საკუთარ თამაშს თამაშობდა და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რეალურად რა ხდებოდა სამინისტროში, მთავრობამდეც კი არ მიდიოდა. ასეთ დროს, თუ გარეთ რამე ინფორმაცია გამოდის, ეს ის ინფორმაციაა, რომლის გავრცელებაც ამ უწყებას და მის ხელმძღვანელობას სურს“, – განაცხადა დავით თევზაძემ.
თევზაძემ არ გამორიცხა, რომ პრემიერ ღარიბაშვილს არ ჰქონოდა ინფორმაცია, რა მიზნით იმყოფებოდა საფრანგეთში ირაკლი ალასანია და არც იმ დოკუმენტის შესახებ სცოდნოდა, რომელსაც თავდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა მოაწერა ხელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები