„უმჯობესი იქნებოდა, ღარიბაშვილს თავად შეეთავსებინა თავდაცვის მინისტრის ფუნქციები“

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით თევზაძის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის მინისტრის დანიშვნასთან დაკავშირებით არ უნდა ეჩქარა.
მისი თქმით, უმჯობესი იქნებოდა, მას თავად შეეთავსებინა აღნიშნული ფუნქციები, მინისტრი ჯანელიძე კი ამასობაში ბევრ რამეში გაერკვეოდა. აღნიშნული განცხადება დავით თევზაძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
„ვინ არის თავდაცვის ახალი მინისტრი ჯანელიძე, არ ვიცი, არც გამიგია, მაგრამ ნამდვილად არ არის კარგი, როდესაც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის შერჩევა სპეცსამსახურებიდან ხდება. ღარიბაშვილს სასწრაფოდ სჭირდებოდა საყრდენი სამინისტროში და ამის გამო ცოტა იჩქარა. მას შეეძლო 6 ან 8 თვე თავად შეეთავსებინა თავდაცვის მინისტრობა, ჯანელიძე თანაშემწედ ჰყოლოდა და მინისტრობამდე პერიოდში გაეგო, რა სპეციფიკის სამინისტროა თავდაცვის სამინისტრო“, – განაცხადა დავით თევზაძემ.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანიას გათავისუფლების საკითხს, თევზაძის შეფასებით, ეს პოლიტიკური, თუმცა სწორად გადადგმული ნაბიჯი იყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე საქართველოს თავდაცვის მინისტრად მინდია ჯანელიძე დაინიშნა.
მას დღემდე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში-სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის თანამდებობა ეკავა. მინდია ჯანელიძემ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ალასანია შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები