გამოფენა „თბილისის თვითმმართველობა 1875-1917 წლებში“ გაიხსნება
28 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენა პირობითი სახელწოდებით „თბილისის თვითმმართველობა 1875-1917 წლებში“ გაიხსნება.
ექსპოზიცია თბილისის თვითმმართველობის არჩევნების 140 წლისთავს (1874 წ.18–20–23 ნოემბერი) ეძღვნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქალაქის თავის სამუშაო ოთახის მემორიალური ნივთები; თვითმმართველობის ისტორიის განვითარების სხვადასხვა ეტაპის ამსახველი ფოტოები და სხვა დოკუმენტური მასალა, როგორიცაა 1845 წლის საპატიო მოქალაქეთა სია, პირველი საარჩევნო სიები (1870), პირველი საარჩევნო კომისიის დასკვნა და სხვა.
ექპოზიციაზე აგრეთვე ნაჩვენები იქნება უნიკალური დოკუმენტური კადრები თვითმმართველობის ისტორიიდან. გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა თბილისის თვითმმართველობის ისტორიულ ტრადიციებს. კერძოდ, საარჩევნო პერიოდების გათვალისწინებით ნაჩვენები იქნება ის, თუ რა გააკეთა თვითმმართველობამ ქალაქისათვის კომუნალური მეურნეობის (წყალმომარაგება, ქუჩებისა და მოედნების მოკირწყვლა, განათება, ტრანსპორტით უზრუნველყოფა), სანიტარული დასუფთავების, ასევე ჯანმრთველობის დაცვის, განათლებისა და კულტურის პრობლემების გადაწყვეტის მხრივ. აღნიშნულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო თბილისის ევროპულ ქალაქად გადაქცევას.
თემა წარმოდგენილია იმ უნიკალურ და ფართო საზოგადოებისათვის ჯერაც უცნობი სამუზეუმო მასალის საშუალებით, რაც საფუძვლად დაედო 1910 წელს „ტფილისის მუნიციპალური მუზეუმის“ შექმნას. გამოფენას თან ახლავს საგანმანათლებლო პროექტები მოსწავლეებისათვის (თემატური გაკვეთილები, ექსკურსიები). ექსპოზიცია 28 დეკემბრამდე გაგრძელდება.