მანანა კობახიძე: ეს არ არის სკოლა, შატალოზე რომ მიდიან ბავშვები – მოდი ყველანი ერთად წავედით!
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას დადებითად აფასებს. როგორც მანანა კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, თამარ ბერუჩაშვილი გააგრძელებს იმ საქმეს, რასაც სამინისტროში ბოლო 2 წელიწადის განმავლობაში ახორციელებდა.
„ძალიან კარგია რომ დაბრუნდა. ამ ადამიანმა მიიღი სახელმწიფო გადაწყვეტილება. ანუ, მან გადადგა ის ნაბიჯი, რომელსაც დგამენ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები. ძალიან სწორია, ის რომ მან დროულად შეაფასა ვითარება და ადამიანი, რომელიც 20 წელზე მეტია დიპლომატიაში მუშაობს, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს საგარეო მიმართულებით და არის კვალიფიციური სპეციალისტი, იგი ძალიან კარგად იცნობს ამ სამინისტრის მუშაობის სპეციფიკას. რა თქმა უნდა, გარედან ახალი კადრის ძიებას, სჯობს, მან გააგრძელოს ეს საქმე და მისდიოს იმ კურსს, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ 2012 წელს და არა მხლოდ მაშინ… ეს ევროპული არჩევანი და ეს პროდასავლური კურსი, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია და ევროკავშირში ასოცირება, ეს არ არის მხოლოდ რომელიმე პარტიის არჩევანი, ეს არ არის „თავისუფალი დემოკრატების“ ექსკულზივი, ან „ნაციონალური მოძრაობის“ ექსკლუზივი, ან რომელიმე ჩვენი კოალიციაში შემავალი რომელიმე პარტიის ექსკლუზივი, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც ძალიან აქტიურად იყო ჩართული საგარეო პოლიტიკაში, სწორად ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჩვენთან ერთად, გუნდთან ერთად გააგრძელებს ამ პოლიტიკის განხორციელებას“, – აღნიშნა მანანა კობახიძემ .
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა საგარეო საქმეთა მინისტრისა და მისი მოადგილეების თანამდებობიდან გადადგომა უარყოფითად შეაფასა. მისი თქმით, იმ დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტრო კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, მანანა კობახიძეს დადებითად მიაჩნია, ის ფაქტი, რომ თამარ ბერუჩაშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა და მინისტრის მოადგილის მოვალეობა გააგრძელა. „თამარ ბერუჩაშვილის გადაწყვეტილებას, მოადგილის თანამდებობაზე დაბრუნების შესახებ, უარყოფითად არ ვაფასებ. პირიქით, ძალიან კარგი გააკეთა რომ დაბრუნდა, რადგან საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა და საგარეო საქმეთა სამინისტრო კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა. მე ვფიქრობ, რომ პირდაპირი საბოტაჟის ნიშნები იყო, როდესაც მინისტრი გადადგა და მას მოადგილეები გაჰყვნენ, ეს არ არის სწორი. იმიტომ, რომ მინისტრს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობა უკავია, რა თქმა უნდა, მას უფლება აქვს გადადგეს. მაგრამ მოადგილეები სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები არ არიან. ისინი საჯარო მოხელეები არიან, რომლებსაც აქვთ თავისი ვალდებულებები, ძალიან მკაცრად გაწერილი. მათი თანამდებობიდან წასვლა უნდა იყოს იმ პროცედურის დაცვით, რასაც კანონი ითხოვს და ასე არ არის, რომ ჩვენა ახლა ყველანი წავედით. ეს არ არის სკოლა, შატალოზე რომ მიდიან ბავშვები და მოდი ყველანი ერთად წავედით, რომ რომ ვინმემ რამე არ დაგვაბრალოს“ – აღნიშნა მანანა კობახიძემ.