ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვევა

12-13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვევა.
ასტანას საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს მთავრობის მეთაური ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევთან პირისპირ შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში ყაზახ კოლეგას, კარიმ მასიმოვს შეხვდება, რის შემდეგაც საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაციების გაფართოებული მოლაპარაკებები გაიმართება.
პრემიერი მასიმოვი ქართველ კოლეგას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.
13 ნოემბერს კი საქართველოს მთავრობის მეთაური გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს, ესტუმრება ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნულ მუზეუმს და “ბაიტერეკის” მონუმენტს დაათვალიერებს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებიან ვიცე-პრემიერები – ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრები, გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები