მიხეილ გიორგაძე სომხურ დრამატულ თეატრს ეწვია

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ინიციატივით გრძელდება შეხვედრები სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების წარმომადგენლებთან. 11 ნოემბერს, მიხეილ გიორგაძე, სსიპ თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხურ დრამატულ თეატრს ეწვია, დაათვალიერა შენობა და თეატრის ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნუკრი ქანთარიაც ესწრებოდა. სომხური თეატრი ამ დროისთვის ავარიული მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას საჭიროებს. გასამაგრებელია შენობის საძირკველი, მოსაწესრიგებელია დრენაჟული სისტემა, ცენტრალური გათბობა, შესაკეთებელია თეატრის შენობის სახურავი, რის გამოც შემოქმედებითი პროცესი თეატრში შეფერხებით მიმდინარეობს. სომხური თეატრის დასი სპექტაკლებს, ძირითადად, სხვა თეატრებში მართავს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით, მსგავსი პრობლემების მოგვარების მიზნით იქმნება უწყებათშორისი კომისია, რომელიც შეისწავლის და შეაფასებს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების მდგომარეობას და საკითხის გადასაწყვეტად კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს.
პრობლემების ადგილზე გაცნობის მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე წლის ბოლომდე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ყველა დაწესებულების (სსიპ) მონახულებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები