„რუსეთი აფხაზეთს და ცხინვალს არ მიიერთებს, სანაცვლოდ კი საქართველოს ევრაზიულ კავშირში შესვლას მოსთხოვს“

„რუსეთი მათსა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმით მიმართავს და ევრაზიულ კავშირში შესვლას მოსთხოვს“, – აღნიშნული განცხადება პარტია „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
დავითაიას განცხადებით, ხელშეკრულება რუსეთსა და აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკას შორის აუცილებლად გაფორმდება. „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ საქართველოს ხელისუფლება იმ საფრთხეების შესახებ გააფრთხილა, რომელიც, მისი თქმით, ხელშეკრულების გაფორმებას მოჰყვება.
მისი განცხადებით, რუსეთი აფხაზეთის და ცხინვალის სუბიექტად მიერთებას ხელს არ მოაწერს, სანაცვლოდ კი საქართველოს ევრაზიულ კავშირში შესვლას მოითხოვს.
პაატა დავითაია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთთან უფრო მკაცრი და აგრესიული პოლიტიკა აწარმოოს.
„ვაფრთხილებ მთავრობას, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომი ნაბიჯები იქნება ძალიან რთული. 2015 წლის აპრილ – მაისში საქართველოს მთავრობას პირდაპირ ეტყვიან, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი არ მოაწერს ხელს აფხაზეთის და ცხინვალის სუბიექტად მიერთებას, მაგრამ ამის სანაცვლოდ მოითხოვენ ევრაზიულ კავშირში საქართველოს შესვლას. ამუშავდება იგივე სქემა, რაც იყო 90-იან წლებში, როდესაც საქართველო აიძულეს, ყოფილიყო დსთ-ს წევრი, აიძულეს ეს იმის გამო, რომ სამეგრელო არ დაკარგულიყო. დღესაც ამუშავდება იგივე სქემა. საერთაშორისო დონეზე ყველაგან მკაცრად უნდა იყოს ეს საკითხი დასმული. უნდა იყოს აგრესიული მიდგომა და მოხდეს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე“,- განაცხადა პაატა დავითაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები