მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ლაფანაანთკარში ახალი სანერგე მოეწყობა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ლაფანაანთკარში ახალი სანერგე მოეწყობა.
სამინისტროს ინფორმაციით, სანერგეს მოწყობის პროცესს გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვლი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან ნუგზარ ყიფიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ტყის დროებითი სანერგეების არსებობა მნიშვნელოვანია ტყის აღდგენის სამუშაოების წარმოებისთვის, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.
სანერგეში მოხდება ნერგების გამოყვანა, რომლითაც 2 წლის შემდეგ დეგრადირებული და ეროზირებული ფართობების განაშენიანება მოხდება. სანერგეში ტყის ძირითად სახეობებთან ერთად, (შავი ფიჭვი, მინდვრის ნეკერჩხალი) წითელი ნუსხით დაცული სახეობების (ღვია გრძელყუნწა, ღვია გართხმული, ღვია აღმოსავლეთის) გამოყვანა მოხდება. დროებითი სანერგეები გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა იმერეთში მოეწყობა. ჯამში 2000-მდე სხვადასხვა სახეობის თესლი დაითესება, საიდანაც 500 000-მდე ნერგი მიიღება.