იძულებით გადაადგილებული 320 ოჯახი ზუგდიდში ბინას მიიღებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დევნილთათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, ზუგდიდში, 10 ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ დასახლებაში 320 იძულებით გადაადგილებული ოჯახი ბინას მიიღებს. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა დაათვალიერა და ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, შენობის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
მიმდინარეობს ტერიტორიის კეთილმოწყობა, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობა, განათების მონტაჟი, საბავშვო და სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები.
ასევე, გამწვანდება დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია, უზრუნველყოფილნი იქნებიან 24-საათიანი წყალმომარაგებით. ყველა მოსახლისთვის გათვალისწინებულია ღია ავტოსადგომიც.
დევნილთა კორპუსების მშენებლობაზე 200 პირი დასაქმდა. აქედან, 150 ადგილობრივი მოსახლეა, ხოლო 50-იძულებით გადაადგილებული პირი. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 10 339 000 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები