უქმდება თუ არა ავიარეისები უკრაინის მიმართულებით?

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ავიაკომპანიები საქართველოდან უკრაინის მიმართულებით რეისებს აუქმებენ, სიმართლეს არ შეესაბამება – ამის შესახებ „კვირას“ დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის აეროპორტის საინფორმაციო სამსახურის მორიგე-ოპერატორმა განუცხადა. მისი თქმით, ქუთაისი – კიევის მიმართულებით ნოემბერ-დეკემბრის განრიგი უკვე შედგენილია და მსგავსი რამ სიმართლეს არ შეესაბამება.
„ნოემბერ-დეკემბრის განრიგი უკვე გაწერილია, ქუთაისი-კიევის მიმართულებით მთელი ნოემბერი დატვირთულია, ხოლო დეკემბერში კიევის მიმართულებით რეისი 23 დეკემბერს არის დაგეგმილი. საუბარია ავიაკომპანია ”ვიზეარმაზე“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანიები საქართველოდან უკრაინის მიმართულებით რეისებს აუქმებენ.
მიზეზად მგზავრთა ნაკადის სეზონური კლების გარდა, უკრაინაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება სახელდება – ამის შესახებ ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა ” საქმიან დილაში” ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმეთვიანი ოპერირების შემდეგ ავიაკომპანია RYANAIR-მა საქართველოს ბაზარი დატოვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, RYANAIR-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ რეისებს, მინიმუმ, 2015 წლის 28 მარტამდე აღარ შეასრულებს.

როგორც საქართველოში ავიაკომპანიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ამირან აბესაძემ განაცხადა, RYANAIR-ი ბათუმის რეისს 22 ნოემბრიდან შეაჩერებს, ხოლო თბილისი-კიევის რეისი 16 ოქტომბრიდან აღარ ხორციელდება. უკრაინის მიმართულებით ფრენების სიხშირე შეამცირა ”ვიზეარმაც”, რომელიც ქუთაისიდან დაფრინავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები