„ზურაბ აბაშიძემ პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტი უნდა დატოვოს“

„თავისუფალი დემოკრატების წევრს ზურაბ აბაშიძეს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა უმრავლესობის კვოტით ეკავა, შესაბამისად, დღეს, როცა ის ოპოზიციაშია, რეგლამენტის თანახმად, თანამდებობა უნდა დატოვოს“, – აღნიშნული განცხადება პარტია „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
დავითაიას განცხადებით, აბაშიძე უმრავლესობის კვოტით დაკავებულ თანამდებობას ოპოზიციაში გადასვლის ფაქტის გამო დაკარგავს, თუმცა ოპოზიციონერი არ გამორიცხავს, საქმე გვქონდეს პოლიტიკურ შეთანხმებასთან და აბაშიძე რეგლამენტის დარღვევით მაინც დარჩეს თანამდებობაზე.
საქმე სხვაგვარად არის კომიტეტების თავმჯდომარეებთან მიმართებაში. რეგლამენტი არ განსაზღვრავს, კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი უნდა იყოს, თუ უმრავლესობის წევრი.
„თუ ვიხელმძღვანელებთ რეგლამენტით და არა პოლიტიკური საკითხებით, რა თქმა უნდა, უმრავლესობა გადააყენებს აბაშიძეს და იმსჯელებს თავისი კვოტის დასაკავებლად. ბატონი აბაშიძე გადავიდა ოპოზიციაში, აქედან გამომდინარე, უმრავლესობა შეეცდება, თავისი კვოტა წარმოადგინოს და ახალი ვიცე-სპიკერი აირჩიოს, მაგრამ თუ ახლა მოხდა უმრავლესობასა და ოპოზიციურ ფრაქცია „თავისუფალ დემოკრატებს“ შორის შეთანხმება, მაშინ ის დარჩება თანამდებობაზე. საქმე სხვაგვარადაა კომიტეტების შემთხვევაში. კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენება კომიტეტზეა დამოკიდებული. კომიტეტების თავმჯდომარეებზე რეგლამენტი არ ითვალისწინებს, ოპოზეციონერი უნდა იყოს თუ უმრავლესობის წევრი, ამ საკითხს წყვეტს თავად კომიტეტი, აქედან გამომდინარე, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები შეიძლება დარჩნენ კომიტეტის თავმჯდომარეებად”.
შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ პარლამენტში სამ კომიტეტს ხელმძღვანელობენ. ესენია: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, რომელსაც გია ცაგარეიშვილი ხელმძღვანელობს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, რომლის თავმჯდომარის პოსტს დავით ონოფრიშვილი იკავებს და მესამეა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, რომელსაც ვიქტორ დოლიძე ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები