„ვინ მოისმინა თავდაცვის ყოფილი და ამჟამინდელი მინისტრების სატელეფონო საუბარი?!“
გახდა თუ არა ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი საფრანგეთში ვიზიტი და გარკვეულ დოკუმენტზე ხელმოწერა? ეს ის საკითხია, რომელზეც გარეშე პირები ყველაზე მეტს საუბრობენ, თუმცა, პროცესში ჩართულები კომენტარებისგან თავს იკავებენ. თუ ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის ინფორმაციას დავეყრდნობით, მისი თქმით, „ირაკლი ალასანიას საფრანგეთში ყოფნისას თავდაცვის ამჟამინდელმა მინისტრმა დაურეკა და სთხოვა, გარკვეულ დოკუმენტზე ხელი არ მოეწერა, თუმცა ალასანიამ მაინც მოაწერა, რაც შესაძლოა, მისი მოხსნის მიზეზი გამხდარიყო.“
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვა ვიქტორ დოლიძესაც დავუსვით, რომელმაც საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პერესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ის აღნიშნულ საკითხზე სრულ ინფორმაციას ფლობს, საჯაროდ საუბრის უფლება არ აქვს. დეპუტატმა ჟურნალისტები თავდაცვის სამინისტროში გადაამისამართა და ირაკლი ალასანიას განცხადებისთვის დალოდება ურჩია.
კითხვას, საინდან ჰქონდა სოსო ცისკარიშვილს თავდაცვის ყოფილი და ამჟამინდელი მინისტრების სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია, ვიქტორ დოლიძემ ასე უპასუხა: „ალბათ, ბატონ სოსოს უნდა ჰკითხოთ, თუ საიდან ჰქონდა მას ჯანელიძის და ალასანიას დიალოგის შესახებ ინფორმაცია. არის თემები, რასთან დაკავშირებითაც კომენატრს არ უნდა აკეთებდეს პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი. ჩემი აზრით, ამ საქმის დეტალებთან დაკავშირებით კომენტარი არ უნდა გავაკეთო. თუ ირაკლი ალასანია გადაწყვეტს, ამაზე მოგვიანებით თავად ისაუბრებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თავდაცვის სამინისტროს. ჩემგან ამგვარი კომენტარი, მიუხედავად იმისა, რომ სრულ ინფორმაციას ვფლობ, არ იქნებოდა სწორი.
„კვირას“ კითხვაზე, შესაძლოა თუ არა რომ ამ კონკრეტულ დოკუმენტზე ხელმოწერა გამხდარიყო ალასანიას გათავისუფლების მიზეზი, დოლიძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტი, სავარაუდოდ, საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემების საკითხს შეეხებოდა.