„კარგი იქნება, თუ ზურა აბაშიძე ვიცე-სპიკერად დარჩება“

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, პარლამენტარ ზურაბ აბაშიძის ვიცე-სპიკერობიდან გათავისუფლების საკითხს დღეს დაგეგმილ უმრავლესობის სხდომაზე განიხილავენ. სხდომას, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრიც დაესწრება.
აბაშიძის შესაძლო გადაყენების საკითხს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
დეპუტატის განცხადებით, აბაშიძის თანამდებობიდან გათავისუფლების სურვილი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული. დოლიძემ აბაშიძის ვიცე-სპიკერად დარჩენის აუცილებლობაზე და იმ საქმიანობაზე ისაუბრა, რომელსაც ის აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნისას ასრულებს.
„რეგლამენტის მიხედვით, უმრავლესობა მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს, რის შემდეგაც უმრავლესობა იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს მხოლოდ პოლიტიკური სარჩულია. ზურაბ აბაშიძე სეიოზულ საქმიანობას ეწევა არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. ის ახლაც კიშინიოვში იმყოფება, სადაც ძალიან სერიოზული შეხვედრები აქვს შავი ზღვის, ბალტიის თუ ჩრდილოეთ ევროპული ქვეყნების საპარლამენტო წარმომადგენლებთან. მან ძალიან კარგი და მყარი ურთიერთობა დაამყარა ქვეყნის გარეთ და თავისი პოზიციიდან გამომდინარე დიდ საქმიანობას ეწევა. ვფიქრობ, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით კარგი იქნებოდა, ზურას საქმიანობა გაეგრძელებინა, თუმცა თუ ამას უმრავლესობა გადაწყვეტს, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული“,- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მმართველი კოალიცია დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები