180-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ჩაქვის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.
დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩაქვში მცხოვრები 116 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემას 21 წელზე მეტია ელოდება. დევნილებმა, წინა ხელისუფლების დროს, ბინების დაკანონების საკითხი დღის წესრიგში არაერთხელ დააყენეს, თუმცა უშედეგოდ.
ობიექტები, რომლებშიც დევნილი ოჯახები ცხოვრობენ, სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, დევნილთა სამინისტრომ და აჭარის მთავრობამ, შენობების გადმოცემის მოთხოვნით, ეკონომიკის სამინისტროს მიმართეს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ობიექტები დევნილთა სამინისტროს გადაეცა და უახლოეს მომავალში 116 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად დაუკანონდებათ.
დევნილებისთვის ბინების დაკანონების პროცესი სამინისტროს ახალი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც, 10 თვის განმავლობაში, 10 000 – მდე დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე გახდება. უახლოეს მომავალში, აჭარის რეგიონში საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 180-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს.
ჩაქვის დევნილთა ჩასახლების მთავარ პრობლემას გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა წარმოადგენს. საცხოვრებელი ფართების დაკანონების შემდგომ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და დევნილთა სამინისტრო საკანალიზაცო სისტემის შესაკეთებელ სამუშაოებს თანადაფინანსებით განახორციელებენ.