რობერტ სტურუას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

 

     დღეს შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში წიგნის „ნადირობა გოდოზე“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრო.
ქართველ რეჟისორზე, რობერტ სტურუაზე დაწერილია მრავალი სტატია, გამოცემულია რამდენიმე წიგნი. ახალი წიგნი „ნადირობა გოდოზე“ სრულიად განსხვავებული კუთხით არის აგებული. წიგნის შესავალ ნაწილში ავტორი – დალი მუმლაძე – მოკლედ მიმოიხილავს რობერტ სტურუას შემოქმედებას. წიგნის ძირითად ნაწილში შესულია საუბრები რობერტ სტურუასთან. დალი მუმლაძის და რობერტ სტურუას დიალოგში იკვეთება რეჟისორის ცხოვრებისეული და შემოქმედებითი ბიოგრაფია, რობერტ სტურუას თეატრის ფორმირების პროცესი; საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი მრწამსი. წიგნში ჩართულია სპექტაკლების, მაკეტების, ესკიზების ფოტოები და ასევე, რაც მთავარია, თავად რობერტ სტურუას ჩანახატები.
წიგნის მიზანია, მკითხველმა გაიცნოს რობერტ სტურუა რობერტ სტურუას მონათხრობიდან. ეს არის წიგნი სტურუა სტურუას შესახებ. წიგნი დაიბეჭდა სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული).

რობერტ სტურუას დადგმები შესულია ყველა დროის 100 საუკეთესო სპექტაკლში: „კავკასიური ცარცის წრე“ ოქროს ფონდში, „რიჩარდ მესამე“ – შექსპირის ენციკლოპედიის ათეულში და 10 საუკეთესო პოლიტიკურ სპექტაკლში, ხოლო „ჰამლეტი“ ბოლო 50 წელში დადგმულ 10 საუკეთესო სპექტაკლების სიაში. წიგნის ავტორია თეატრმცოდნე დალი მუმლაძე, რომელიც ათეული წლებია იკვლევს რობერტ სტურუას შემოქმედებას. პირველად, სწორედ მის სტატიებში გამოიკვეთა პოსტმოდერნიზმის ნიშნები რეჟისორის სათეატრო ენაში.
წიგნი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით გამოიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები