სოზარ სუბარი ფოთში დევნილებს შეხვდა
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია, ფოთის მერი ირაკლი კაკულია და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მალთაყვას ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.
ფოთში, 2011 წელს, დევნილებს 32 კორპუსი გადაეცათ, სადაც 1054 ოჯახი ცხოვრობს. შენობები ხარვეზებით აშენდა. არ ჰქონდა თბოიზოლაციის სისტემა, რის გამოც, ადგილობრივი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე (მაღალი ტენიანობის გამო) კორპუსები სერიოზულად ზიანდებოდა.
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, შუამდგომლობით მიმართა პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რათა გამოყოფილიყო დამატებითი სახსრები აღნიშნული 32 კორპუსის თბო და ჰიდროიზოლაციით შეფუთვისათვის. მთავრობის გადაწყვეტილებით, სამუშაოების შესასრულებლად 2 მილიონ 500 ათასი ლარი გამოიყო. ტენდერში გამარჯვებული კომპანია უახლოეს მომავალში შეფუთვისათვის საჭირო სამუშაოებს დაიწყებს. ერთის მხრივ, 1054 დევნილის საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდება, ხოლო მეორეს მხრივ, 32 კორპუსი გადაურჩება ნგრევას.
შეხვედრისას მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რაც დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმებში შევიდა. სოზარ სუბარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განახლებული კრიტერიუმები უფრო მეტად მორგებულია დევნილთა საჭიროებებზე.