ილია მეორეს ეროვნულ არქივში მშობლების ქორწინების რეგისტრაციის ჩანაწერი აჩვენეს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ეროვნულ არქივში მშობლების – გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ქორწინების რეგისტრაციის ჩანაწერი აჩვენეს.
ჩანაწერის მიხედვით, პატრიარქის მშობლებმა გიორგი შიოლაშვილმა და ნატალია კობაიძემ 1914 წლის 13 ივლისს იქორწინეს. ჩანაწერი პატრიარქს ხელნაწერთა ანალიტიკური კატალოგის პრეზენტაციაზე წარუდგინეს. პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა, პარალელურად მხოლოდ ერთი დღით გამოიფინა არქივში დაცული უძველესი ხელნაწერი მეცხრე საუკუნის „ანბანდიდი სახარება“.
„პრეზენტაციას ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და ჩვენ მას მცირე სიურპრიზის სახით დავახვედრეთ მისი მშობლების ქორწინების მეტრიკულის ჩანაწერი, რომელიც რეგისტრირებულია 1914 წელს დუშეთის მაზრის სოფელ სნოში. აქ ვხედავთ, რომ გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილმა 29 წლის ასაკში იქორწინა ნატალია იოსების ასულ კობაიძეზე. ეს ჩანაწერი დაფიქსირებულია და პატრიარქი ძლიერ გახარებული დარჩა ამ ისტორიული საბუთის ხილვით“, – ამბობს საისტორიო არქივის დირექტორი ანტონ ვაჭარაძე.
პრეზენტაციას კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრნენ.