დიმიტრი შაშკინი: ალასანია არ არის ნატო და არც ფანჯიკიძეა ევროკავშირი

ალასანია არ არის ნატო და არც ფანჯიკიძეა ევროკავშირი, – ასე შეაფასა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ირაკლი ალასანიას განცხადება იმის შესახებ, რომ ევროატლანტიკური კურსისთვის ხელის შეშლა მიზანმიმართულად ხდება. შაშკინის განცხადებით, ევროატლანტიკური კურსი არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია.
„ევროინტეგრაცია და ნატოში გაერთიანება – ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ნურავის ექნება განცდა, რომ ასეთი რამის მისაკუთრება შეიძლება. მე-16 საუკუნეში, თუ არ ვცდები, ლუი მე-14-მ თქვა, რომ მე ვარ სახელმწიფო. 21-ე საუკუნეში გავიგეთ, რომ ალასანიამ თქვა, მე ვარ ნატო. არ არის ალასანია ნატო, არც ფანჯიკიძე არ არის ევროკავშირი. ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი. გარანტორი, რომ ჩვენ ნატოსა და ევროკავშირში შევალთ, არის არა რომელიმე პოლიტიკოსი, არამედ ხალხი. მე დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არ მისცემს არავის უფლებას, რომ ამ არჩევანს გადაუხვიოს“, – განაცხადა შაშკინმა „პირველ პრესკლუბში“.
მისივე განცხადებით, ირაკლი ალასანიასა და „თავისუფალი დემოკრატების“ ოპოზიციაში გადასვლა „ნახევრად ორსულობას“ ჰგავს.
„ნახევრად ორსულობა მე ჯერ არ გამიგია. როდესაც გინდა, იყო ოპოზიციური პარტია, პარლამენტში გქონდეს მანდატები და, ამავდროულად, კომიტეტის თავმჯდომარეების პოსტს არ თმობ, ეს ხომ ნახევრად ორსულობაა. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება საკმარისად განვითარებულია, რომ ასეთ რამეებს არ ჭამოს. თუ ხარ ოპოზიცია, ხარ ოპოზიცია“, – განაცხადა მან.
ამასთან, შაშკინი არ ეთანხმება გავრცელებულ მისაზრებას, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ოპოზიციაში გადასვლა ხელისუფლებაში ხელოვნურად დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები