თეა წულუკიანი “თავისუფალ დემოკრატებს” დღეს ოფიციალურად დატოვებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფალი დემოკრატების” დატოვების თაობაზე პარტიის ლიდერს, ირაკლი ალასანიას დღეს მიმართავს და გუნდს ოფიციალურად დატოვებს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომელზეც ფიქრობს, რომ ყველაზე სწორია.
“მე დღეს მივმართავ ჩემს მეგობარს, ძალიან ძვირფას ადამიანს, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერს ირაკლი ალასანიას და დავტოვებ ამ პარტიას. მე მათ წარმატებას ვუსურვებ. მივიღე გადაწყვეტილება, რაც მგონია, რომ ამ კონტექსტში დღეს არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება – გადაწყვეტილება ევროპული საქართველოს სასარგებლოდ. მჯერა, რომ რაც არ უნდა იყოს სიძნელეები, ხარვეზები მთავრობის მუშაობაში, მთავრობას აქვს ერთადერთი კურსი – ეს არის ევროატლანტიკური კურსი. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება ევროატლანტიკური კურსის სასარგებლოდ – ჩემს მთავრობასთან, მინისტრ კოლეგებთან ერთად, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გავაგრძელო ისეთივე დაუღალავი შრომა, როგორსაც იუსტიციის სამინისტრო, თითოეული თანამშრომელი ახორციელებდა ბოლო ორი წლის მანძილზე. აქედან გამომდინარე, ევროატლანტიკური კურსისათვის მეც და მთავრობასაც გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო და ამ სამუშაოს ჩვენ ვაგრძელებთ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანს პარტიის “თავისუფალი დემოკრატების” წევრობა დღემდე შეჩერებული ჰქონდა. პარტიის წევრობა მას იუსტიციის მინისტრად დანიშვნის შემდეგ შეუჩერდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები