“თავისუფალმა დემოკრატებმა” კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს, რომ “ნაცმოძრაობის” მიმართ ლოიალურნი იქნებიან“
“თავისუფალმა დემოკრატებმა” კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს, რომ “ნაცმოძრაობის” მიმართ ლოიალურნი იქნებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერის თქმით, “თავისუფალი დემოკრატების” ოპოზიციაში გადასვლით, პოლიტიკური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება. პრემიერი ყველა ოპოზიციური პარტიის გააქტიურებას მიესალმება.
“ყველა ადამიანი თავისუფალია თავის ქმედებაში. ჩვენ მივესალმებით ყველა ოპოზიციურ პარტიას. მათ კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს, რომ ისინი არიან და იქნებიან ლოიალური “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, რაც ძალიან კარგია. ეს მათი არჩევანია. ჩვენ ყველა ოპოზიციური პარტიის გააქტიურებას მივესალმებით, უფრო საინტერესო იქნება პოლიტიკური ცხოვრება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტზე დელეგაცია სერიოზულად ემზადება.
“ბრიუსელში, სადაც სამთავრობო დელეგაცია მიემგზავრება იგეგმება სერიოზული შეხვედრები. ეს არის ევროკავშირ-საქართველოს დელეგაციების პირველი შეხვედრა. ამიტომ ჩვენ სერიოზულად ვემზადებით. დარწმუნებული ვარ, ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი იქნება”, – აღნიშნა პრემიერმა.